არ გამოუქვეყნებიათ საბოლოო ანგარიში, ვინაიდან ერთი ერთში დაემთხვა ეს დათვლა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს. „დიფ სთეითისგან“ ჰქონდათ ეს დავალება მიღებული - ლევან მაჭავარიანი ISFED-ზე

ლევან მაჭავარიანი

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ს „დიფ სთეითისგან“ ჰქონდა დავალებული, რომ საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები არ გამოექვეყნებინათ.

იგი ამგვარად ეხმაურება ორგანიზაციის მიერ პროკურატურისთვის ხმების პარალელური დათვლის შედეგების დოკუმენტაციის არასრულად გადაცემას.

„არ გამოუქვეყნებიათ საბოლოო ანგარიში, ვინაიდან ერთი ერთში დაემთხვა ეს დათვლა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს. „დიფ სთეითისგან“ ჰქონდათ ეს დავალება მიღებული, ვინაიდან მისი გამოქვეყნებით ოპოზიციის ის ნარატივი არ იმუშავებდა, რამაც ისედაც ვერ იმუშავა, რომ თურმე, 400 ათასი ხმა გაყალბდა და რუსული და ირანული სამსახურები საქართველოს არჩევნებში. ახლა პროკურატურასთან აქვთ საქმე და უფრო ფრთხილობენ, რა თქმა უნდა”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

„სამართლიანი არჩევნების“ - ISFED-ის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილ პარალელური ხმების დათვლის დოკუმენტაციაში არ არის ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ მათ მიერ ჩატარებული პარალელური ხმების დათვლის შედეგები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ემთხვევა.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე განაცხადა, რომ ცესკოსა და ISFED-ის შედეგები ერთმანეთს დაემთხვა, თავად არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ საბოლოო ანგარიში არ შეუდგენიათ.