არ არსებობს მიზეზი, რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი დასანქცირდეს პატრიოტიზმის ან კონსერვატიულობის გამო - პიტერ სიიარტო

 პიტერ სიიარტო

არ არსებობს მიზეზი, რომ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი დასანქცირდეს პატრიოტიზმის ან კონსერვატიულობის გამო. არ არსებობს მიზეზი, რომ პოლიციის თანამშრომლები მოხვდნენ სიაში, რადგან, ბრიუსელის აზრით, ისინი საქართველოს ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვებიან, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც სიიარტომ აღნიშნა, მან ვეტო დაადო ქართველი პოლიტიკოსებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირების სიას, რადგან უნგრეთისთვის ძალიან მიკერძოებული იყო.

„საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ შესანიშნავად მუშაობს. არ უნდა დანებდეთ იმის გამო, რომ ევროპიდან შეტევაა. ვფიქრობ, ევროპაში მალე პოლიტიკური ცვლილებები იქნება, როგორც შედეგი ახალი ტალღებისა, რომელიც ვაშინგტონიდან მოდის და პატრიოტული კონსერვატორული მთავრობები მომავალში მეტად გაძლიერდებიან. მე გუშინაც მკაფიო ვიყავი იმასთან დაკავშირებით, რომ უნგრეთი გააგრძელებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფას. ჩვენ არ ვაპირებთ ამის შეწყვეტას. ევროკავშირს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ წევრმა ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რაც ნიშნავს, რომ წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაა. ამიტომ, ჩვენ ჩვენით ვწყვეტთ. ძლიერი გავლენაა ბრიუსელიდან გაიდლაინზე და ეს ცხადია, მაგრამ ეს არ არის სამართლებრივი ვალდებულება და უნგრეთში ამის იმპლემენტაცია ამიტომაც არ მოხდება. მე ვეტო დავადე ქართველი პოლიტიკოსებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირების სიას, რადგან ჩვენთვის ძალიან მიკერძოებული იყო. მესმის, რომ ვერ მოიძებნა ვერცერთი მტკიცებულება არჩევნების გაყალბებაზე საქართველოში. ჩვენმა დამკვირვებლებმა დადეს დასკვნა, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდა. ასე რომ, არ არსებობს არც იურიდიული და არც პოლიტიკური საფუძველი შეტევებისთვის. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ USAID-ის დაფინანსების შეწყვეტა კარგი ახალი ამბავია. ამასთან, აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ, რომ ევროკომისიამ თავის თავზე აიღოს ეს თანხები. ამ თემაზე გუშინ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრე.

რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა არ უნდა დახარჯოს ძალისხმევა და ენერგია, რომ დაგვარწმუნოს სანქციების საჭიროებაში, რადგან ეს პრინციპის საკითხია. არ არსებობს მიზეზი, რომ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი დასანქცირდეს პატრიოტიზმის ან კონსერვატიულობის გამო. არ არსებობს მიზეზი, რომ პოლიციის თანამშრომლები მოხვდნენ სიაში, რადგან, ბრიუსელის აზრით, ისინი საქართველოს ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვებიან“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.