ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
ჩვენი, როგორც კანონმდებლების ვალია, რომ დროულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოებას აქვს ხოლმე და განსაკუთრებით, როცა ეს გამოწვევები ეხება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ამ აქციების საწყის ფაზაში ჩვენ ვიხილეთ ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, გაუხსნეს ცეცხლი სხვადასხვა პიროტექნიკის მეშვეობით, ესროდნენ ქვებს, დააზიანეს პარლამენტის შენობა. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ვუყურებდით და ყველა ვხედავდით იმ ცნობილ კადრს, რომლითაც ფაქტობრივად საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ერთ-ერთმა მოძალადემ პოლიციას და ამას ქართველი ერი განვიცდიდით.
ამის პარალელურად ვხედავდით ზოგიერთი უცხოელის განცხადებას, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ, შემდეგ თვალებში ჩაგვხედეს და გვითხრეს, ეს ხომ მშვიდობიანი იყო, განა მშვიდობა არ არის ქვის სროლა? ეს ხომ მშვიდობის აპოგეაა, როდესაც პიროტექნიკას ესვრი პოლიციელს და 150 პოლიციელი დაზიანდება ქვით, დამწვრობით და ა.შ. ეს ხომ არის ის მშვიდობა, რომელიც სანატრელია ყველასთვის. ასე უტიფრად გვიყურებდნენ თვალებში და მშვიდობიანს ეძახდნენ მასობრივ ძალადობას.
ეს ახალისებდა კიდევ უფრო მეტად ამ მოხალისეებს და ჩვენ ვხედავდით, რომ პირველ დღეს თუ იყო რაღაც დონის ძალადობა, მეორე დღეს იყო განცხადებები ზოგიერთი ელჩის და ევროპელი პოლიტიკოსის, თუ რამდენად თეთრი ფუმფულა და მშვიდობიანი იყო ქვების სროლა, მეორე დღეს კიდევ უფრო წახალისდა ეს მოძალადეთა ჯგუფი და კიდევ უფრო მეტ ძალადობას ვხედავდით. ამის შემდეგ კიდევ ვნახეთ შეფასებები, რომ რას ამბობთ, ეს ხომ მშვიდობაა, განა ვერ დავინახეთ ყაყაჩოები და გვირილები მათ მიერ ნასროლი? ეს არ იყო ქვები და პიროტექნიკა, ამით კიდევ უფრო მეტად ახალისებდნენ მოძალადეებს.
გაოგნებულია ქართველი ხალხი, როდესაც უყურებს ელჩებს, ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც თვალებში გვიყურებენ და გვატყუებენ პირდაპირ, შავს ეძახიან თეთრს. ეს გამაოგნებელია ჩვენი ხალხისთვის ასეთი ფარისევლობა რაც ჩვენ ვიხილეთ.
სწორედ ეს წახალისება იწვევდა უფრო მეტ ძალადობას ამ ჯგუფის მხრიდან და რა თქმა უნდა ამას სჭირდებოდა სათანადო სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა, რაც სრულად შეესატყვისება მათ შორის ევროპულ ჩარჩოებს და სტანდარტებს, რომელიც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში იქნება ეს პიროტექნიკის საკითხი, შენიღბვის აკრძალვა, თუ სხვა საკითხები. ეს აკრძალვა უპირველეს ყოვლისა ემსახურება ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, თავად აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას. ჩვენ ვნახეთ რომ თავად აქციის მონაწილეები დაზიანდნენ პიროტექნიკის თუ სხვა საშუალებების გამოყენებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.