1744223238
AP: უკრაინა მიმდინარე კვირას ვაშინგტონში წიაღისეულის შესახებ მომლაპარაკებელ ჯგუფს გააგზავნის

უკრაინის ხელისუფლება მიმდინარე კვირას აშშ-ში მომლაპარაკებელთა ჯგუფს გააგზავნის, რომელიც ამერიკულ მხარესთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებას განიხილავს. ინფორმაციას Associated Press-ი უკრაინის ეკონომიკის მინისტრზე, იულია სვირიდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სვირიდენკომ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი ვარიანტი აშშ-ის მხრიდან იმის მაჩვენებელია, რომ მათ ფონდის და თანაინვესტირების პროექტების სურვილი აქვთ.
„ახლა ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის იურიდიული ჯგუფის პოზიციას ასახავს. ეს საბოლოო ვერსია, საერთო პოზიცია არ არის“, - თქვა უკრაინელმა მინისტრმა.
მისი თქმით, ახლა უკრაინის ამოცანაა მოლაპარაკებებისთვის ტექნიკური ჯგუფის ფორმირება, წითელი ხაზებისა და ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბება და მხოლოდ ამის შემდეგ ვაშინგტონში ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის გამგზავრება.
„გასაგებია, რომ ამ ხელშეკრულების ყველა პარამეტრის განხილვა ონლაინ შეუძლებელია. ჩვენ გუნდებთან ერთად უნდა დავსხდეთ და საუბარი პირისპირ გავაგრძელოთ“, - დასძინა სვირიდენკომ.