ანა წითლიძის აღიარება არჩევნებთან დაკავშირებით არის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის თქმა, რომელიც ყველაზე კარგად თავად ოპოზიციონერებმა იციან - ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე

ანა წითლიძის აღიარება არის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის თქმა, რომელიც ყველაზე კარგად თავად ოპოზიციონერებმა იციან, - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ ანა წითლიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარა.

„წარმოუდგენელია, რომ [არჩევნებზე] 2 საათის განმავლობაში რამე ყოფილიყო გაყალბების მსგავსი და ვერავის გაეგო, ან შეემჩნია და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ამ ყველაფერს არ მოჰყოლოდა. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც უნდოდა ოპოზიციას თავისი ამომრჩევლისთვის დაეჯერებინა. აქციების მონაწილეთა რაოდენობაზეც აისახა ეს. ხედავენ, რომ კიდევ ერთხელ მოატყუა ოპოზიციამ, როგორც ახლა აპირებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მოატყუონ. ანა წითლიძის აღიარება არის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის თქმა, რომელიც ყველაზე კარგად თავად ოპოზიციონერებმა იციან“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

„ლელოსა“ და გახარიას შემდეგ 2024 წლის არჩევნების შედეგები „ნაციონალურმა მოძრაობამ" აღიარა. ამჯერად ანა წითლიძემ დაასახელა ხმების ის რაოდენობა, რომელიც მათ არჩევნებზე ოფიციალურად მიიღეს.