ამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს

ამირან სალუქვაძე

არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე საუბრისას ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი წინაპირობა იყო იმისა, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლებელი იქნებოდა, როგორც ამას დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის დასაწყისში აცხადებდა.

„ძალიან ბევრი წინაპირობა იყო იმისა, რომ ომის დასრულება ასე სწრაფად იქნებოდა შეუძლებელი და ეს ტრამპმაც დაინახა. ვხედავთ ჩვენ, რომ უკვე 3 თვე ხდება, რაც ტრამპი ოფიციალურად შეუდგა თავის მოვალეობებს და ჯერჯერობით იმის მიუხედავად, რომ ყოველი რაუნდის შემდეგ აცხადებენ, რომ სამი ნაბიჯით წაიწიეს წინ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა მშვიდობისკენ, ჯერჯერობით, მორატორიუმიც კი ვერ სრულდება, რომ ენერგოობიექტებზე დარტყმებს არ მიიტანდნენ“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მუდმივად არის საუბარი უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობაზე საუბარი, კერძოდ, იმ ოთხ რეგიონზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს.

„რუსეთი ითხოვს, უკრაინის ჯარების გაყვანას ტერიტორიიდან, უკრაინისთვის კი ეს წინადადება მიუღებელია. ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოუდგენელია, რომ მსგავს შეთანხმებაზე უკრაინა დათანხმდეს და უარი თქვას, ტერიტორიებზე. ამას მოსახლეობა ვერ გაიგებს. მაშინ რისთვის იომეს სამი წელი - ამ შეთანხმებაზე სამი წლის წინაც შეიძლებოდა წასვლა. სხვათა შორის, მაშინ უკრაინისთვის უკეთესი პირობები იყო და გვახსოვს, როგორ ჩაიშალა სტამბოლის შეთანხმება. იგივეა, რუსეთის მხრიდანაც“, - დასძინა სალუქვაძემ.