„არასდროს გაასესხოთ 200 ლარი...“ - თუ გინდათ, რომ მუდამ გქონდეთ ფული – ეს რჩევები დაგეხმარებათ
1741969922
პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი კონსერვატიულ პორტალზე „საქართველო უპირველეს ყოვლისა" სირიაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
„სწორედ რომ „დიფ სთეითის“ ევროსაბჭოთა კავშირის ფლანგზე − მოსალოდნელი და სამარისებური სიჩუმეა, როგორც ჩანს, „ჩემს შვილს როგორ მოვაჭრი თავს“ პრინციპიდან გამომდინარე"- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ სწორედ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისცეს ლეგიტიმაცია სირიის ტერორისტულ ხელისუფლებას და მათ ქართველი რადიკალებიც შეუერთდნენ. დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ვერც ქართველი რადიკალები და ვერც მათი პატრონები
ვერ შეძლებენ ამ სისხლიანი ლაქის მოშორებას.
ექსპერტი გენოციდის მიზეზებზე და მისი შეჩერების გზებზე წერს. მისი თქმით, სირიის სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყველა რელიგიური ჯგუფი და აღადგინოს სახელმწიფო კონტროლი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ასევე, ყველა სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ისლამისტი ტერორისტების მხარდაჭერა.
"სირიაში მთელი „პროგრესული“ მსოფლიოს თვალწინ მიმდინარე ქრისტიანებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების გენოციდი არის სხვა არაფერი, თუ არა იმავე „დიფ სთეითის“ მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი დანაშაული − სუვერენული სახელმწიფოს დასუსტების, საგარეო ძალების ჩარევის პროვოცირებისა და რადიკალური ისლამიზმის ზეგავლენების ზრდის მიზნით. ეს პროცესი არ არის სპონტანური, არამედ მას აქვს ღრმა ისტორიული და გეოპოლიტიკური მიზეზები. 2025 წლის 9 მარტს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიო განცხადება გააკეთა სირიის ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც დაგმო რადიკალური ისლამისტი ტერორისტების მოქმედებები, რომლებიც დასავლეთ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში არიან ჩართული − ევრობიუროკრატ „კრავთა დუმილი“ ჯერ კიდევ გრძელდება. ამ დუმილის ფონზე, მარკო რუბიომ ცალსახად ხაზი გაუსვა, რომ აშშ მხარს უჭერს ქვეყნის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, მათ შორის ქრისტიანულ, დრუზულ, ალავიტურ და ქურთულ თემებს. სახელმწიფო მდივანმა ასევე მოუწოდა სირიის დროებით ხელისუფლებას, რომ დამნაშავეები დროულად მიეცნენ პასუხისგებაში.
მაგრამ, სწორედ რომ „დიფ სთეითის“ ევროსაბჭოთა კავშირის ფლანგზე − მოსალოდნელი და სამარისებური სიჩუმეა, როგორც ჩანს, „ჩემს შვილს როგორ მოვაჭრი თავს“ პრინციპიდან გამომდინარე. ეს ხომ გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადასცეს სირიის ტერორისტ ხელისუფლებას ერთგვარი „აგრემანი“, აღიარება და მათი შემდგომი მოქმედებებისთვის სრული კარტ-ბლანში. ეს ხომ ჩვენი ლაქია-მარიონეტები შეუერთდნენ სირიის ახალი ხელისუფლების ქება-დიდებას და ვერც ისინი, ვერც მათი ბრიუსელის აგენტოკრატები ვეღარ შეძლებენ ამ სისხლიანი დანაშაულის თანამონაწილეობის ლაქის ჩამოშორებას. ამ სიჩუმის ფონზე, რაც გენოციდის ფარული მხარდაჭერის ტოლფასია, ცინიკურად გამოიყურება 17 მარტს ბრიუსელში დანიშნულ სამიტზე სირიელი ტერორისტების საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ალ-შიბანის მონაწილეობა. კონფერენციის ოფიციალური მიზანია − „საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიის ახალი ხელისუფლების ხელში ძალაუფლების ინკლუზიური და მშვიდობიანი გადაცემის მიზნით“. ანტიოქიის უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისა და სხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა ამოხოცვისა და გენოციდის ფონზე, ამ სამიტის დევიზიც კი განსაკუთრებულ ცინიზმს იძენს. ჩვენ კი ამ სისხლიანი ტრაგედიის მიზეზები განვიხილოთ „ვის რაში აწყობს“ ჭრილში.
1. გენოციდის მიზეზები
ა) ძლიერი სახელმწიფოს დასუსტება და ტრადიციული წესრიგის დაშლა − 2011 წლამდე, ბაშარ ალ-ასადი (ისევე, როგორც მისი მამა − ჰაფეზ ალ-ასადი) ასე თუ ისე უზრუნველყოფდა ქრისტიანების, ალავიტების, დრუზებისა და სხვა უმცირესობების დაცვას. თუმცა, საგარეო ძალების ჩარევის და ქვეყნის დაყოფის შედეგად, ამ ჯგუფების დაცვის ტრადიციული სისტემა მთლიანად ჩამოიშალა. ქრისტიანები და სხვა რელიგიური უმცირესობები აღმოჩნდნენ რელიგიური ექსტრემისტების სამიზნე, რომლებიც მათ აღიქვამდნენ „მოღალატეებად“ ან „ურწმუნოებად“.
ბ) რადიკალური ისლამიზმის ზრდა და საგარეო ძალების გავლენა − ჯიჰადისტური ჯგუფები, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“ (ISIS), „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამი“ (HTS) და სხვები, მიზნად ისახავდნენ ქრისტიანების, ასევე სხვა რელიგიური ჯგუფების განადგურებას და ისლამური შარიათის წესრიგის დამყარებას. ეს ჯგუფები მხარდაჭერას იღებდნენ უცხოეთიდან, რაც მათ საშუალებას აძლევდა დაეწყოთ ფართომასშტაბიანი ეთნიკური წმენდა. რეგიონებში, რომლებიც ექსტრემისტებმა დაიპყრეს, ქრისტიანებს მასობრივად ხოცავდნენ, ძალით ასახლებდნენ, აქცევდნენ მონებით ვაჭრობის მსხვერპლად, ანადგურებდნენ მათ ეკლესიებსა და ისტორიულ ძეგლებს.
გ) დასავლეთის პოლიტიკა და ორმაგი სტანდარტები − აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის და ევროკავშირის ჩარევამ სირიაში, რომელიც მიმართული იყო ასადის რეჟიმის დასამხობად, კიდევ უფრო განამტკიცა რადიკალური ტერორისტული ჯგუფები.
„დემოკრატიის“ სახელით დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკამ ფაქტობრივად გააძლიერა ქაოსი, რამაც ტერორისტულ ჯგუფებს მოქმედების ფართო არეალი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის შემდეგ „ისლამური სახელმწიფო“ თითქმის განადგურდა, სირიაში კვლავ მოქმედებენ ისლამისტური დაჯგუფებები, რომლებიც აგრძელებენ ქრისტიანების დევნას.
დ) რადიკალური ისლამისტების შეუწყნარებლობა ქრისტიანული ცხოვრების წესისადმი − ისლამური ექსტრემისტები ქრისტიანულ კულტურას აღიქვამენ, როგორც „მუქარას“ და ამიტომ ცდილობენ მის განადგურებას. ქრისტიანულ თემებში ქალებს უფრო აქტიური როლი აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც ფუნდამენტალისტებისთვის მიუღებელია. ქრისტიანები, რომლებიც არ იზიარებენ შარიათის წესებს და არ ემორჩილებიან ისლამურ სამართალს, ფიზიკური და იდეოლოგიური თავდასხმების მსხვერპლი ხდებიან.
2. ვინ არის პასუხისმგებელი?
რადიკალური ისლამისტური ჯგუფები − მათი იდეოლოგია არ ცნობს სხვა რელიგიების არსებობის უფლებას, რაც იწვევს მასობრივ მკვლელობებს და დევნას. მათი ხედვით, სირია უნდა გახდეს „წმინდა ისლამური სახელმწიფო“, სადაც ქრისტიანებისთვის ადგილი არ იქნება.
„დიფ სთეითის“ ზეგავლენის ქვეშ მყოფი კოლექტიური დასავლეთი, რომელმაც ასადის რეჟიმი დაასუსტა და მისი მორალური თუ სტრატეგიული შეცდომები დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი გახდა. ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროკავშირი მხარს უჭერდნენ „სირიელ ოპოზიციონერებს“, მაგრამ რეალურად სწორედ ამან გააძლიერა ისლამისტური ექსტრემისტები. მიმდებარე ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ჯიჰადისტებს − ზოგიერთი არაბული სახელმწიფო და თურქეთი მომგებიანი ხედვით უყურებდნენ სირიის არასტაბილურობას და მხარს უჭერდნენ შეიარაღებულ დაჯგუფებებს. მათი სტრატეგიული მიზანი იყო გავლენის გაფართოება რეგიონში, მაგრამ „გვერდითი მოვლენების“ შედეგს სწორედ ქრისტიანების განადგურება წარმოადგენდა.
ლიბერალური ელიტები, რომლებიც აღნიშნულ პრობლემას არ აღიარებენ, არ იმჩნევენ და ღია თუ ფარული თანადგომით მხოლოდ ამძაფრებენ − მიუხედავად იმისა, რომ „დიფ სთეითის“ მძევლობაში მყოფი დასავლეთი აქტიურად საუბრობს უმცირესობების უფლებებზე, ისინი არ აქცევენ ყურადღებას ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანთა გენოციდს: მედია პრაქტიკულად არ აშუქებს ამ საკითხს, რაც ხელს უწყობს პრობლემის იგნორირებას.
3. როგორ უნდა შეჩერდეს ეს პროცესი?
სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს აღდგენა − სირიის ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ყველა რელიგიური ჯგუფი და აღადგინოს სახელმწიფო კონტროლი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე: ნებისმიერი მცდელობა სირიის დაყოფისა ან დასუსტებისა, მხოლოდ გაამწვავებს პრობლემას.
ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა − ყველა სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ისლამისტური ტერორისტების მხარდაჭერა: აუცილებელია მკაცრი საერთაშორისო პოლიტიკა რადიკალური ჯგუფების წინააღმდეგ. დასავლეთის მიერ საკუთარი მცდარი და დანაშაულებრივი პოლიტიკის გადახედვა − აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა აღიარონ თავიანთი წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების მიერ დაშვებული შეცდომები და დაიწყონ ნამდვილი კონსტრუქციული ძალების მხარდაჭერა, ნაცვლად ჯიჰადისტების ხელშეწყობისა. უნდა შეიქმნას საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს ქრისტიანულ თემებს ახლო აღმოსავლეთში. ქრისტიანული თემების მხარდაჭერა − ქრისტიანულმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სირიელი ქრისტიანების დაცვა: აუცილებელია სპეციალური პროგრამების შექმნა, რომლებიც დაეხმარება ქრისტიანებს უსაფრთხო თავშესაფრის პოვნაში.
თუ უახლოეს პერიოდში მსოფლიო ლიდერები არ მიიღებენ მკვეთრ ზომებს, ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანული მოსახლეობა შესაძლოა მთლიანად განადგურდეს. გამოსავალი არის მხოლოდ სირიის ძლიერ სახელმწიფოში, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და დასავლეთის საგარეო პოლიტიკის ძირეული ცვლილებაში", - წერს დავით ქართველიშვილი კონსერვატიულ პორტალზე "საქართველო უპირველეს ყოვლისა".