ალექსანდრე დარახველიძე: თუკი მშვიდობიანი მანიფესტაცია გახდა ძალადობრივი ხასიათის, პოლიცია არის ის ერთადერთი უწყება, რომელსაც აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს პროპორციული ძალა, მათ შორის, სპეციალური საშუალებები

ალექსანდრე დარახველიძე

თუკი მშვიდობიანი მანიფესტაცია გასცდა კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და გახდა ძალადობრივი ხასიათის, პოლიცია არის ის ერთადერთი უწყება, რომელსაც აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს პროპორციული ძალა და მათ შორის, სპეციალური საშუალებები, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ჩვენი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით სრულად არის დაცული ნებისმიერი პირის მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი პროტესტი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მშვიდობიანად, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი მშვიდობიანი მანიფესტაცია გასცდა კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და გახდა ძალადობრივი ხასიათის, მაგალითად, ადგილი აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტზე, პოლიციაზე თავდასხმას, პოლიცია არის ის ერთადერთი უწყება, რომელსაც აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს პროპორციული ძალა და მათ შორის, სპეციალური საშუალებები. ეს ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი პოლიციის შესახებ კანონში, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს არის მიღებული და მასში აბსოლუტურად გაზიარებულია გერმანული კანონმდებლობის მოთხოვნები და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან. ბოლო პერიოდში აპელირებენ ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით. არა მარტო ამ ორ საშუალებაზე, ნებისმიერ სხვაზეც დეტალურად წერია, რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს პოლიციელმა ისინი, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და ა.შ.“, - აღნიშნა დარახველიძემ.

მან ასევე განმარტა ბრძანება 1002-ის შინაარსიც.

„პოლიციის კანონდიან გამომდინარე მიღებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც მინისტრის ბრძანებითაა დამტკიცებული, ეს არის 1002 ბრძანება, რომელიც კონკრეტულ ქცევებს არეგულირებს პოლიციელების მიმართ, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული საშუალებების გამოყენებას და ვითარებას. აღნიშნული ინსტრუქცია 2015 წელს არის მიღებული და დღემდე მოქმედებს, თუმცა 2021 წელს ამ ინსტრუქციაში შევიდა გარკვეული ცვლილებები. ამ ინსტრუქციის 2015 წლის ბრძანებაში ნამდვილად იყო ჩანაწერი, რის მიხედვითაც აკრძალული იყო წყლის ჭავლისა და გაზის ერთდროულად გამოყენება, თუმცა ვინაიდან ჩვენ გავეცანით საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო დოკუმენტს, სხვა ქვეყნების პოლიციის გამოცდილებას, მსგავსი აკრძალვა არსად იყო. ვინაიდან საერთაშორისო აქტები ამას არ კრძალავდა, 2021 წელს შევიდა ცვლილება შს მინისტრის ბრძანებაში და ეს აკრძალვა ამოღებულია“, - განაცხადა დარახველიძემ.