„ალდე“: მკაცრად ვგმობთ და მოვითხოვთ პარტიების აკრძალვის საქმის გაუქმებას, მოვუწოდებთ ევროკავშირს, დააწესოს მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, ვინც ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიაზეა პასუხისმგებელი

ალდე

საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს. მათ შორისაა „ალდეს“ წევრი პარტია „ლელო“, რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრია, თუ ეს ნაბიჯი წარმატებით დასრულდა, ასიათასობით ამომრჩეველი პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე დარჩება, – ამის შესახებ „ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის“ (ALDE) განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, 25 ოქტომბერს თბილისში „ალდეს“ რამდენიმე წევრი  „ოპოზიციის ალიანსის“ დროშით საპროტესტო კამპანიას შეუერთდა. კამპანიის მთავარი მესიჯია: „საქართველო ივანიშვილის გარეშე. საქართველოს უკეთესი ეკუთვნის“.

„ლელო“, რომელიც საქართველოს სადავო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ძლიერი საქართველოს“ კოალიციის შემადგენლობით მონაწილეობდა, ახლა აკრძალვის საფრთხის წინაშე მყოფ პარტიებს შორისაა. 2028 წელს დაგეგმილ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე ეს ნაბიჯი მთავარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ჩამოაშორებს  და კიდევ უფრო შეზღუდავს დემოკრატიულ კონკურენციას“, –  აღნიშნულია განცხადებაში.

„ალდე“ პარტიების აკრძალვის წინადადებას მკაცრად გმობს და საქმის გაუქმებას მოითხოვს. ის  ევროკავშირს მოუწოდებს დაწესდეს უფრო მკაცრი, მიზნობრივი სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიაზეა პასუხისმგებელი. „ალდეს“ განცხადებით, პარტიების აკრძალვის მცდელობას ევროპარლამენტიც ეწინააღმდეგება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული აზრის წინააღმდეგ უფრო ფართო შეტევის ნაწილია.

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს „ლიბერალური ფაშისტები“ უწოდა, ხელისუფლებამ კი გაამკაცრა შეზღუდვები აქციებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე. ხელისუფლების მიდგომას რუსეთში ოპოზიციის რეპრესიებს ადარებენ. „ოპოზიციის ალიანსი“ საპროტესტო კამპანიას ქუჩაში გააგრძელებს 28 ნოემბრამდე. ამ დღეს ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეჩერდა. ამ გადაწყვეტილებამ მასობრივი პროტესტი და ევროპულ მომავალზე შეშფოთება გამოიწვია. ლიბერალებისთვის საქმე ხუთი პარტიის ბედზე ბევრად მეტს ეხება. საკითხი ისაა, შეძლებენ თუ არა ამომრჩევლები წარმომადგენლების თავისუფლად არჩევას და შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროპული მომავლისკენ სვლას დემოკრატიული თავისუფლების შეზღუდვის პირობებში“, – ნათქვამია „ალდეს“ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ალდე“ მის ლიბერალ პარტნიორებს მხარს უჭერს და არ შეეგუება პოლიტიკურ სისტემას, სადაც ოპოზიციის აკრძალვა მარტივად შეიძლება. „ალდეს“ თქმით, თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა დასრულებული არ არის.

✕