აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და ერთხმად დაამტკიცა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა. კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში.

ორივე საკითხზე ინფორმაცია კომიტეტის წევრებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა გააცნო.

მისი თქმით, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა ოთხ სტრატეგიულ ამოცანას  და 34 აქტივობას მოიცავს. სტრატეგიული ამოცანებია: აგრარული პოლიტიკის მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის, აგრარული სექტორის პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობის  და კომიტეტის მიერ ეფექტური წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფა, ასევე კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება.

„გასულ წელს კარგი პრაქტიკა დავნერგეთ -  რეგიონებში გვქონდა კომიტეტის გასვლითი სხდომები და ფერმერებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობით. შედეგად, მოსახლეობისთვის ბევრი საჭირბოროტო საკითხი გადავწყვიტეთ, რაც დადებითად აისახა მათ საქმიანობაზე. ვაპირებთ, იგივე პრაქტიკა 2025 წელსაც გავაგრძელოთ და რეგიონებში კვლავაც შევხვდეთ ადგილობრივ მოსახლეობას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტის გასული წლის საქმიანობის შეჯამებისას, გელა სამხარაულმა განსაკუთრებული ყურადღება კომიტეტის აქტიური ჩართულობით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე გაამახვილა, რომელთა შორის აღსანიშნავია:  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონში ცვლილებები, კანონპროექტები  - „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების  და სურსათის შეწირულების შესახებ“, „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ და „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“. კომიტეტის ინიციატივით იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში მომზადდა ნომინაცია - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში „ქართული ხორბლის კულტურის: რიტუალებისა და ტრადიციების“ შეტანის თაობაზე. პირველადი მონაცემები ამ საკითხზე წელს გამოცხადდება.

გელა სამხარაულის განცხადებით, კომიტეტი წელსაც გააგრძელებს თემატური მოკვლევების და თემატური მომხსენებლის პრაქტიკას, რაც წინა მოწვევის პარლამენტში დაინერგა.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.