აღიარებითი ჩვენება უკვე მიცემული აქვს გახარიას - ეს იყო კლასიკური სცენარი კონფლიქტის პროვოცირების, რაშიც ის მონაწილეობდა და რაზეც მან პასუხი უნდა აგოს - ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. განიხილება ეპიზოდი, რომელიც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვას ეხება. იკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები, ირაკლი ანთაძე და ვატო შაქარაშვილი. გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალი 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ, საგამოძიებო კომისიაზე მიცემული ჩვენებით, დაადასტურა კონკრეტულ პროცესებში მონაწილეობა.

"აღიარებითი ჩვენება უკვე მიცემული აქვს გახარიას და ეს ქართულმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა საგამოძიებო კომისიაზე, როდესაც მან ილაპარაკა სრული აბდაუბდა, გამომდინარე იქიდან, რომ ის, ჩემი შეფასებით, ასრულებდა კონკრეტულ დავალებას, რაც გულისხმობდა კონფლიქტის ესკალაციას და პროვოკაციას საოკუპაციო ხაზთან. ეს არ იყო, ჩემი შეფასებით, მხოლოდ და მხოლოდ მისი უგუნური ქმედება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, არამედ ეს იყო კლასიკური სცენარი კონფლიქტის პროვოცირების, რაშიც ის მონაწილეობდა და რაზეც მან პასუხი უნდა აგოს", - აცხადებს პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.

✕