აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე გია ბარამიძეზე: კომკავშირი - კარიერისთვის, ეროვნული მოძრაობა - კარიერისთვის, აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის, პოლიციის აკადემიის დიპლომი - კარიერისთვის. დანაშაულებრივი ტყუილი, ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, ესეც კარიერისთვის?

ბადრი მანჯავიძე

ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა, - წერს აფხაზეთის ომის მონაწილე, ბადრი მანჯავიძე, სოციალურ ქსელში.

ის იხსენებს, რომ ბარამიძე  ჯერ კომკავშირს, შემდეგ ეროვნულ მოძრაობას მიეკედლა და 1992 წელს დეპუტატიც გახდა. მანჯავიძის ინფორმაციით, ბარამიძემ, პოლიციის აკადემიია დიპლომიც ისე აიღო, რომ ლექციებზე არ გამოჩენილა.

რაც შეეხება იაგო ხვიჩიას გადაცემაში ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მანჯავიძე ამას “დანაშაულებრივ ტყუილს” უწოდებს.

“გია ბარამიძეს ვიცნობ 1984 წლიდან, ამ წელს ჩავაბარეთ "გეპეიში" სხვადასხვა ფაკულტეტებზე. 1985-ში ზაფხულში 

მთელი 2 თვე ინსტიტუტის კომკავშირიდან ერთად გავემგზავრეთ მოსკოვში "ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალზე". 90-იანების გარიჟრაჟზე ამხანაგმა გიამ წვერი მოუშვა და ე.წ. ეროვნულ ფლანგს მიეტმასნა, მშვენიერი კარიერა გაიკეთა და 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების  შედეგად პარლამენტის  წევრი გახდა. ომის დროს ტელეოპერატორების თანხლებით სოხუმში ჩადიოდა როგორც დეპუტატი და კარიერისთვის ვეტერანის სტატუსი მოიპოვა. მეც ომის მონაწილე ვარ, აფხაზეთში მიხდებოდა პერიოდულად ჩასვლა შსს-დან  სამსახურებრივი მივლინებით. 1994 წელს ჩავირიცხე პოლიციის აკადემიის დაუსწრებელ ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1998 წელს. ბოლო კურსზე აღმოვაჩინე, რომ აკადემიაში ჩემი ჯგუფის სიაში გაჩნდა ვინმე გიორგი ბარამიძე. კურსის უფროსს ვკითხე და მან დამიდასტურა, რომ ეს იყო დეპუტატი გია ბარამიძე. ლექციებზე, რა თქმა უნდა, არ გამოჩენილა, მოვიდა მხოლოდ "სახელმწიფო" დამამთავრებელ გამოცდებზე და აიღო აკადემიის დიპლომი. ამ სადიპლომო გამოცდებზე, ბუნებრივია, რამდენჯერმე შევხვდით, მოვიკითხეთ ერთმანეთი და სიცილით ვკითხე, ლექციებზე რატომ არ დადიოდი-მეთქი. პარლამენტში იმდენი საქმეა, აქ სასიარულოდ სად მეცალა, აკადემიის დიპლომი აშშ-ს აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად მჭირდებაო.  
ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა.  
ამ ყველაფრიდან მოკლე რეზიუმე : 
კომკავშირი -კარიერისთვის; 
ეროვნული მოძრაობა -კარიერისთვის;
აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის;
პოლიციის აკადემიის დიპლომი -კარიერისთვის; 
ეს დანაშაულებრივი ტყუილი, ტყვეთა დახვრეტის თაობაზე  რისთვის დასჭირდა, დავიჯერო ესეც კარიერისთვის?” - წერს ბადრი მანჯავიძე.