რა შემთხვევაში არ გასცემს ვიზას აშშ-ის საელჩო - ნახეთ განცხადება
1754419455
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
„2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ ძალაში დღეს შევიდა. დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი“, – აღნიშნა იოსელიანმა.
მისივე თქმით, ოთხ ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება – ამომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს. ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 3 051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება“, – აღნიშნა იოსელიანმა.
როგორც ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება.
„დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება თუ აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. ასევე, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. საარჩევნო ადმინისტრაცია იხელმძღვანელებს კანონის უზენაესობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და პროფესიონალიზმის პრინციპების დაცვით და საქმიანობას განახორციელებს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტებით. ამასთანავე, არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, აქტიურად ჩაერთონ, დააკვირდნენ და ობიექტურად და სამართლიანად შეაფასონ საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.