1733337991
ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას, საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას, საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით, რაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ მცდელობას აუცილებლად გაეცემა პასუხი, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში.
„ამ დღეებში ვიხილეთ, რომ ადგილი ჰქონდა მცდელობას სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის, საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით, რაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი პეტიციები, რომელიც გავრცელდა. თუ არ ვცდები, მას მერიის 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. მუნიციპალიტეტში გვყავს 32 ათასამდე თანამშრომელი. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ამ ქალაქს და მასში მცხოვრებ ადამიანებს. ეს საბოტაჟის მცდელობა, რომელიც იყო და ვნახეთ, არ დარჩება პასუხგაუცემელი, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. მერწმუნეთ, ასე იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.