ადამიანები, რომლებიც უპირველესად თავად უნდა იცავდნენ ადამიანების უფლებებს, თვითონ არიან ადამიანის უფლებების დამრღვევები და ამ პროცესის მებაირაღეები - c ბაია პატარაიას პოსტზე

ლევან მახაშვილი

საფრანგეთის საელჩო ამ დრომდე არ გამოხმაურებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვას. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც თან დაურთო ბაია პატარაიას კომენტარი, რომელიც მაკა ბოჭორიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, ასევე გამოაქვეყნა 6 მარტს "საფარის" ოფისში საფრანგეთის ელჩის სტუმრობის ამსახველი ფოტო.

"ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს, საფრანგეთში საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს, რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, რომლებიც ამგვარი ლექსიკით მოიხსენიებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ალბათ, მინიმუმ, მოლოდინი ექნებოდა, რომ საქართველოს საელჩო დაგმობდა და გაემიჯნებოდა ამგვარ რადიკალიზმს. ვნახოთ, როგორ მოიქცევა საფრანგეთის ელჩი. ევროპულობა ხომ საქმეში გამოიხატება და არა მხოლოდ განცხადებებში", - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ბაია პატარაიას სტატუსს ეხმაურებიან -

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, პირიქით - ადამიანის უფლებების დამრღვევები არიან.

"ეს დახმარება და მხარდაჭერა არ უნდა ხმარდებოდეს იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ. არ უნდა ხმარდებოდეს ადამიანების ბულინგს, მათზე ტერორს, ზეწოლას, ფსიქოლოგიურ შანტაჟს.

ეს არ არის პირველი, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ სპორტსმენების ბულინგი, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის, რიგითი მოქალაქეების, პოლიტიკოსების ბულინგი და ა.შ. ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რასაც ჩვენ რამდენიმე წელია უკვე ვაკვირდებით, განსაკუთრებით ამ ბოლო თვეების განმავლობაში, პიკში იყო, ასე ვთქვათ.

ადამიანები, რომლებიც უპირველესად თავად უნდა იცავდნენ ადამიანების უფლებებს, თავად არიან ადამიანის უფლებების დამრღვევები და ამ პროცესის მებაირაღეები.

ზოგადად, საელჩოს, წინა შემთხვევაშიც, არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს წარმომადგენლებმა, არაერთი შემთხვევა ვნახეთ ასეთი, მაგრამ იყო სრული იგნორი. ამით ხდება წახალისება ამ ტიპის ბულინგისა და ტერორის, აი, ეს არის სამწუხარო“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.