1747980527
7 ნოემბერს საავადმყოფოში რომ ვიყავით, შემოვიდა ინფორმაცია, ექიმები გაჰყავთ, მოდიან კუდ-ის თანამშრომლები თეთრი ხალათებითო, შევძელით გამოპარვა და მეგობრებთან დამალვა - ლევან გაჩეჩილაძე

2007 წლის 7 ნოემბერს იმდენი ხალხი გამოვიდა, იმდენი ტყვია ისროლეს, რომ რამდენიმე ადამიანს ფეხის ამპუტაციაც დასჭირდა, მათ სანახავად საავადმყოფოში მივედით, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმები გაჰყავთ და მოდიან კუდ-ის თანამშრომლები თეთრი ხალათებით, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, 2007 წელს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საავადმყოფოდან გამოპარვა და მეგობრების ბინებში დამალვა შეძლეს.
„თვითონ ხელისუფლებაში მაგარი არეულობა იყო. ეტყობოდათ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათ, იმიტომ, რომ იმდენი ხალხი გამოვიდა ჩვენ მერე 7 ნოემბერს და იმდენი ტყვია ისროლეს. რამდენიმე ადამიანს ფეხიც კი მოაჭრეს, მე და გოგა ხაინდრავა მათ სანახავად ვიყავით საავადმყოფოში, რამდენიმე ახალგაზრდა ისეთი დასახიჩრებული იყო, რომ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ჩემი მეგობარი ექიმის, კახა ქუნთელიას მხრიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ექიმები გაჰყავთ და მოდიან კუდ-ის თანამშრომლები თეთრი ხალათებით, რა უნდა გაგიკეთონ თქვენ, ვინც საავადმყოფოში ვიყავით, არაფერი ვიცითო, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სანამ კუდ-ის თანამშრომლები მოვიდოდნენ, ჩვენ შევძელით საავადმყოფოდან გამოპარვა. შევძელით გამოპარვა, დავიმალეთ მეგობრების ბინებში. კობა დავითაშვილის ადგილსამყოფელი გაურკვეველი იყო“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.