25 ნოემბერს პარლამენტი ნამდვილად დაიწყებს მუშაობას და პრემიერი წარმოადგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას" - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ 25 ნოემბერს პარლამენტი დაიწყებს მუშაობას და პრემიერი წარადგენს ახალ მთავრობას, რასაც ოპოზიციის გეგმები ხელს ვერ შეუშლის.

"25-ში პარლამენტი ნამდვილად დაიწყებს მუშაობას, ეს ყველაფერი რის ფონზე განხორციელდება და რისი ატანა და გადატანა მოგვიწევს, წინა პერიოდმაც გვაჩვენა. იმაზე მეტი სადიზმი ნამდვილად არ არსებობს, ადამიანს საღებავი შეასხა სახეში... ამიტომ, მათგან არაფერია გამორიცხული.

იმდენად დიდია ხალხის დაკვეთა, რომ ჩვენ ვიმუშაოთ, ამ პროცესებს ნამდვილად ვერავინ ვერ შეაჩერებს - მით უფრო, რომ სამართლებრივი და იურიდიული ლეგიტიმაციაც გვაქვს. "ქართულ ოცნებას" აქვს 89 მანდატი და ჩვენ ყველანაირი მნიშვნელოვანი პროცესის წარმართვა შეგვიძლია. 25-ში პრემიერი წარმოადგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას და იმ პროგრამას, რომელიც უნდა დამტკიცდეს. მახსენდება გამონათქვამი "ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის"... ამიტომ, ეს ქვეყანა წავა ნამდვილად განვითარებისკენ და ეს ადამიანების რასაც იზამენ, იქნება მხოლოდ ფონური მუსიკა ამ პროცესების", - აცხადებს ნინო წილოსანი.