1740754256
2025 წლის იანვარში საქართველოს ეროვნულმა მეურნეობამ, მიუხედავად გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე სერიოზული რყევებისა, უზრუნველყო ეკონომიკის ზრდა 11.1 პროცენტით, რაც მას საგრძნობლად გამოარჩევს არა თუ რეგიონული, არამედ გლობალური მასშტაბითაც - სოსო არჩვაძე

2025 წლის იანვარში საქართველოს ეროვნულმა მეურნეობამ, მიუხედავად გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე სერიოზული რყევებისა, უზრუნველყო ეკონომიკის ზრდა 11.1 პროცენტით, რაც მას საგრძნობლად გამოარჩევს არა თუ რეგიონული, არამედ გლობალური მასშტაბითაც, - წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.
როგორც არჩვაძე აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკამ განვლილ პერიოდში დაადასტურა თავისი ინსტიტუციური და ორგანიზაციული მდგრადობა, განვითარების პოტენციალი, შინაგანი რესურსების უფრო ეფექტიანი და ყაირათიანი გამოყენების შესაძლებლობა, კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე და შრომის საერთაშორისო დანაწილებაში აქტიური ჩართულობა, საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციისა და ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელობა.
„2025 წლის იანვარში საქართველოს ეროვნულმა მეურნეობამ, მიუხედავად გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე სერიოზული რყევებისა, უზრუნველყო ეკონომიკის ზრდა 11.1 პროცენტით, რაც მას საგრძნობლად გამოარჩევს არა თუ რეგიონული, არამედ გლობალური მასშტაბითაც. საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის იანვარში თითქმის 3.5-ჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა გლობალური ეკონომიკის 2025 წლის საპროგნოზო ზრდის მაჩვენებელთან შედარებით (11.1 vs. 3.2%). ამასთან, ასეთი ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ყველაზე მაღალია ბოლო 5 თვეში (2024 წლის აგვისტოს შემდეგ). ინფლაციამ 2025 წლის იანვარში წინა წლის იანვართან 2.0 პროცენტი შეადგინა. ეს წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2024 წლის ივნისის შემდეგ (2024 წ. ივნისში ინფლაცია: +2.2%). 305 დასახელების საქონელ-წარმომადგენლიდან, რომელთა მიხედვითაც იანგარიშება ინფლაცია საქართველოში, ფასები იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით გაიზარდა 191-ზე, უცვლელი დარჩა 16, ხოლო შემცირდა 98 პოზიციის მიხედვით. მიუხედავად ზრდისა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში იანვარში (+2.0%) მაინც გაცილებით დაბალია, ვიდრე აშშ-ში (+3.0%) და ევროკავშირში (+ 2.5%). საქართველოში საკმაოდ დაბალი ინფლაცია და დასაქმების დონის და დასაქმებულთა აბსოლუტური რიცხვის საგრძნობი ზრდა, შრომის ანაზღაურების ორნიშნა მატება (+10.8%) წარმოადგენს ერთობლივი მოთხოვნისა და მოსახლეობის რეალური კეთილდღეობის ზრდის საკმაოდ მგრძნობიარე და ობიექტურ ინდიკატორს. იანვარში ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 175 ერთეული, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ - 12.2 მლრდ. ლარი (+14.7%) შეადგინა. 2025 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებული იქნა 1.9 მლრდ. ლარზე მეტი შემოსავლები (წინა წლის იანვართან შედარებით: +4.1%).დინამიურად ვითარდება ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები. იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით გაიზარდა: საქართველოს მთლიანი ექსპორტი - 19,3 პროცენტით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი - 11.6 პროცენტით, რეექსპორტი - 20.6 პროცენტით, იმპორტი კი - 45.5 პროცენტით. იმპორტის ასეთი ზრდა ძირითადად გამოწვეულია იანვარში ერთჯერადად და ექსკლუზიურად განხორციელებული 0.5 მლრდ. აშშ დოლარზე მეტის სურათების, ნახატების და ხელით შესრულებული პასტელების, აგრეთვე ქანდაკებებისა და სტატუების დედნების იმპორტით.იმპორტიდან აღნიშნული სასაქონლო ჯგუფების, აგრეთვე ავტომობილების გამორიცხვით, რომლის უდიდესი ნაწილი რეექსპორტზეა ორიენტირებული, დარჩენილი იმპორტი 2025 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით გაიზარდა მხოლოდ 3.6 პროცენტით. იმპორტის მატების აღნიშნულ ტემპს იანვარში ადგილობრივი ექსპორტის მატების ტემპი 3.2-ჯერ აღემატებოდა. ექსპორტის სიდიდით კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს მსუბუქი ავტომობილები, რომლებზეც მთელი ექსპორტის თითქმის 1/3 მოდის. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის სასაქონლო ნომენკლატურა მეტ-ნაკლებად თანაბრადაა პოზიციონირებული. - პირველ და მეათე ადგილებზე მყოფ სასაქონლო ჯგუფებს შორის წილობრივი ამპლიტუდა ადგილობრივ ექსპორტში მხოლოდ 2.7 პროცენტია (სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 7.4%; თხილი და კაკალი - 4.7%). 2025 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით იმ სასაქონლო პოზიციების რაოდენობა, რომელთა ექსპორტი აღემატებოდა ერთ მილიონ აშშ დოლარს, გაიზარდა 27.0 პროცენტით, ხოლო თითოეული ასეთი სასაქონლო პოზიციის ღირებულებამ 7.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 46.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირების (-23.1%) პირობებში 2025 წლის იანვარში გაიზარდა მათი ექსპორტი საქართველოდან 18.0 მლნ. აშშ დოლარით (+16.1%-ით). 2025 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით ერთეული მოცულობის იმპორტირებული ნავთობის საშუალო ფასი შემცირდა 2.4 პროცენტით, ბუნებრივი აირის ფასი კი გაიზარდა 1.4 პროცენტით.. ამის გამო შარშანდელ ფასებთან შედარებით ნავთობის იმპორტი დაახლოებით 1.4 მლნ. აშშ დოლარით ნაკლები, ხოლო ბუნებრივი აირისა - 0.5 მლნ. აშშ დოლარით ძვირი დაჯდა. 2025 წლის იანვარში უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ტრანზაქციებმა 242.4 მლნ. აშშ დოლარი (-8.5%), ხოლო წმინდა ტრანზაქციებმა - 214.2 მლნ. აშშ დოლარი (-10.4%) შეადგინა. შემცირებები გამოწვეულია რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების მნიშვნელოვანი (62.4%-ით) კლებით (შესაბამისად, 67.7 მლნ. აშშ დოლარიდან 25.5 მლნ. აშშ დოლარამდე). ამასთან, დანარჩენი მსოფლიოდან საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები სტაბილურად მზარდია (იანვარში წინა წლის იანვართან: +9.9.0%). რუსეთის წილი საქართველოში უცხოეთიდან განხორციელებულ ტრანზაქციებში (10.5%) მეხუთე თვეა, უკვე ჩამორჩება რუსეთ-უკრაინის ომამდელი პერიოდის (2022 წლის იანვარი) შესაბამის მაჩვენებელს (13.3%).რუსეთის გარდა, დანარჩენი მსოფლიოდან საქართველოში განხორციელებული ტრანზაქციების წილი გაიზარდა 12.2 პუნქტით და ისტორიული მაქსიმუმი - 89.5 პროცენტი შეადგინა. საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული წმინდა ტრანზაქციების თითქმის 2/3 (63.2%) მოდის მრავალრიცხოვანი ქართული შრომითი მიგრანტებით ყველაზე გამორჩეულ 5 ქვეყანაზე (აშშ, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი). საქართველოს ეკონომიკამ განვლილ პერიოდში დაადასტურა თავისი ინსტიტუციური და ორგანიზაციული მდგრადობა, განვითარების პოტენციალი, შინაგანი რესურსების უფრო ეფექტიანი და ყაირათიანი გამოყენების შესაძლებლობა, კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე და შრომის საერთაშორისო დანაწილებაში აქტიური ჩართულობა, საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციისა და ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელობა. ყოველივე ეს ადასტურებს არა მარტო ქვეყნის შიდა ერთობლივი მოთხოვნის ზრდას, არამედ ქმნის სერიოზულ საფუძველს საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის შემდგომი ზრდისა და სტაბილური განვითარებისათვის“, - წერს სოსო არჩვაძე.