1746366955
"2024 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა ამბიციურად. იმგვარად, რომ ის იყო უპრეცედენტოდ დიდი და უახლოესი საქართველოს ისტორიაში ის ვერ აჭარბებდა მხოლოდ 2025 წლის ბიუჯეტს" - სარჯველაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 2024 წლის ამბიციურ ბიუჯეტი პირნათლად შესრულდა და სამინისტრომ, პრაქტიკულად, 100%-ით აითვისა ბიუჯეტი და თითოეული ხარჯი, რომელიც გათვალისწინებული იყო დევნილებისთვის, პაციენტებისთვის, სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის სახელმწიფომ სრულად შეასრულა.
მისი განმარტებით, 2025 წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო დიდი იქნება და სამინისტროს მხრიდან ბენეფიციარების მხარდაჭერა უფრო გაიზრდება.
"წლევანდელი ბიუჯეტი, 2024 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა ამბიციურად. იმგვარად, რომ ის იყო უპრეცედენტოდ დიდი და უახლოესი საქართველოს ისტორიაში ის ვერ აჭარბებდა მხოლოდ 2025 წლის ბიუჯეტს. ამ თვალსაზრისით, უნდა ვთქვათ, რომ წელიწადი წარმატებული იყო, რადგან პრაქტიკულად 100%-ით იქნა დაგეგმილი ვალდებულებები და ამოცანები შესრულებული, რის შედეგადაც ამ სამინისტროს ბიუჯეტი ათვისებული აქვს 100%-ით. პრაქტიკულად, თითოეული ხარჯი, რომელიც გათვალისწინებული იყო დევნილებისთვის, პაციენტებისთვის, სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის, ყველა ეს ხარჯი სახელმწიფომ პირნათლად და სრულად შეასრულა დასახელებული ადამიანების მხარდაჭერისთვის.
მნიშვნელოვანი ითქვას, რომ თითოეული მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის მოსახლეობისთვის არის გათვალისწინებული სამომავლოდ, 2025 წლის ბიუჯეტით, გაზრდილი მოცულობებით და მინდა რამდენიმე რიცხვი დავასახელო.
პირველ რიგში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს დიდი პროგრამა, რომელიც უკავშირდება სოციალურ მხარდაჭერასა და ბავშვზე ზრუნვას. ამ შემთხვევაში, დაახლოებით 40 000 ბენეფიციარისთვის გვაქვს გათვალისწინებული და 2024 წელს, მათ მხარდასაჭერად დახარჯულ იქნა ბიუჯეტიდან 76 მილიონი ლარი. მომდევნო წლის განმავლობაში, პრაქტიკულად იგივე ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებულია 25%-ით გაზრდილი ხარჯი და ის მომდევნო წელს უკვე იქნება 95 მილიონი ლარი. ზრდა გათვალისწინებული გვაქვს ჯანდაცვის პროგრამაში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. აქაც უპრეცედენტო ზრდა გვქონდა და პერმანენტულად, როგორც კი ბიუჯეტის ზრდა იძლევა შესაძლებლობას, მომენტალურად, ეს დადებითად აისახება მოქალაქეების მხარდაჭერაზე ჯანდაცვის უფლების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.