1743338534
2008 წლის ომში თუ ვინმე იყო მართალი, ეს იყო ქართველი ჯარისკაცი, ვნახეთ ჯარის თავგანწირვა, როდესაც აღარ იყო პატრონი, მათ სამშობლოს წინაშე შეასრულეს მოვალეობა - თეა წულუკიანი

პოლიტიკოსების ვალია, ცუდუბრალოდ სამხედროები არ ჩართონ იმ პროცესებში, რაც მოიტანს დიდ დანაკარგს. ჩვენ ვნახეთ ქართული ჯარის თავგანწირვა. როდესაც აღარ იყო პატრონი, სამხედროებმა საკუთარი სამშობლოს, ანუ უფლის წინაშე შეასრულეს მოვალეობა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.
წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიდგომა არ არის, ჯარი იქცეს პოლიტიკოსების ხელში მსხვერპლად.
„ჩვენ არ გვაქვს გეგმაში, რომ სამხედრო გეგმა პოლიტიკოსებმა მოვიყვანოთ სისრულეში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს დაგვჭირდეს. ეს გეგმა უნდა არსებობდეს სადღაც იქ, სადაც მუშაობთ სამხედროები, ამას ემსახურება თავდაცვა, მაგრამ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, როგორც პოლიტიკური ნება ამ გეგმის განხორციელების, ჩვენ არ გვაქვს და არ გვექნება. ეს არის სწორედ ის მიდგომა, რომ ჩვენ არ გვინდა, ჯარი იქცეს პოლიტიკოსების ხელში მსხვერპლად. ეს არის რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილება 7 აგვისტოსი და როგორც ჩანს, სულ მცირე, 2007 წლიდან მოყოლებული, ეს გადაწყვეტილება სადღაც იხარშებოდა და წინასწარ წაგებულ ომში არასწორი საბრძოლო მოქმედებებისა და გეგმის ფარგლებში ჯარის და ოფიცირის შეყვანა იმ ომში, რომელსაც დიდი აზრი არ აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ სამხედრო გეგმას არ მიყვები და თურმე, ვანო მერაბიშვილმა უნდა აწარმოოს ომი. ეს გეგმა ალბათ არსებობდა და თავდაცვის სამინისტრო და შტაბი იმისთვისააა, რომ გეგმა არსებობდეს, თუმცა იმედი მაქვს, ამ გეგმას ევაკუაციის გეგმაც ახლავს თან და ამას ვკითხავთ შემდეგ სტუმრებს, ჰქონდათ თუ არა მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა, მაგრამ პოლიტიკოსების ვალია, რომ ცუდუბრალოდ სამხედროები არ ჩართონ იმ პროცესებში, რაც მოიტანს დიდ დანაკარგს და შემდეგ ჩვენ ვნახეთ ქართული ჯარის და ჯარისკაცების თავგანწირვა იმიტომ, რომ ასე არიან ისინი აღზრდილები. ბოდიშს ვიხდი, ეს არ არის სამხედრო ტერმინი, მაგრამ როდესაც აღარ იყო პატრონი, სამხედროებმა ყველამ საკუთარი სამშობლოს, ანუ უფლის წინაშე შეასრულა ის მოვალეობა, რაც იყო მისი მოვალეობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამავდროულად, წულუკიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეაგროვა მტკიცებულებები და დაიცვა როგორც ქართველი ჯარისკაცის ღირსება, ისე სახელმწიფო.
„ბევრი ვისაუბრეთ გუშინ იმაზე, როგორ გაწირეს და ჩატოვეს სამოქალაქო მოსახლეობა. იცოდნენ რა ბევრად ადრე, სულ მცირე, 4 აგვისტოს, ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, ივლისის ბოლოსაცო, მაგრამ აგერ ვიგებთ, თურმე 2007 წლის ნოემბრიდან, 2008 წლის თებერვლიდან უკვე ცნობილი იყო, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს და სამოქალაქო მოსახლეობა მაინც იქ ჩატოვეს და ჩაახოცინეს, დატოვეს რუსეთთან პირისპირ.
კარგი ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, სადაც ვერავინ ვერ სჯის კოლექტიურად ჯარს, ეს არ არის იმ სასამართლოს ფუნქცია, ვერავინ ვერ სჯის კოლექტიურად მთავრობას ან პარლამენტს, ჰააგაში სისხლის სამართლის სასამართლოს ერთადერთი უფლებამოსილებაა, პირის ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვლევა. ისე ჰქონდათ ცუდად ნაწარმოები საქმე, რომ იქ იყო რისკი, რიგითი ოფიცრის, რიგითი ჯარისკაცის და თუნდაც სამხედრო თანამდებობის მქონე პირის სისხლის სამართლებრივი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დამდგარიყო, როცა თქვენი მონათხრობიდანაც კი დასტურდება, რომ რეალურად, 2008 წლის აგვისტოს ომში თუ ვინმე იყო მართალი, ეს იყო ქართვლი ჯარისკაცი.
ჩვენ ეს ღირსება დავიცავით ჰააგაში, ჩვენ დავიცავით ასევე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფო. იქ უკვე ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ განიხილება, სადაც დღესაც შეიძლება გაგიკვირდეს ადამიანს, როგორ შევაგროვეთ წლების შემდეგ არარსებული მტკიცებულებები, ხან სად ვეძებდით, ხან სად, ეს გააკეთა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ. ეს მოჰყვა იმ ყველაფერს, თქვენ რომ ბრძანეთ, იმედია, ეს გეგმა არსებობს, რადგან ცხინვალი გასათავისუფლებელიაო. გეგმა უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა გყავდეს ქვეყანას ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამ სამხედრო გეგმას არ დაისაჭიროებს. “, – განაცხადა თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე, სადაც სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა ქოიავას უსმენენ.