2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როგორც ოპოზიციის კანდიდატი, ბრიფინგის ჩასატარებლად გამოვედი, ჟურნალისტები ადგნენ და წავიდნენ, ასეთი იყო მათი დემოკრატია - ლევან გაჩეჩილაძე

ლევან გაჩეჩილაძე

მინდა, ჟურნალისტების გასაგონად ვთქვა: 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები იყო. როგორც ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბრიფინგის ჩასატარებლად რომ გამოვედი, ყველა, აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი ადგა, აიღეს თავიანთი კამერები, ზურგი შემაქციეს და წავიდნენ, იმ დღეს საზოგადოებას ვერაფერი ვუთხარი, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, 2007 წელს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი იყო მაშინდელი ხელისუფლების დემოკრატია.

„მინდა, ჟურნალისტების გასაგონად ვთქვა: 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები იყო. როგორც წესი, ამ დღეს პრეზიდენტობის კანდიდატმა ბრიფინგი უნდა გამართოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თაობაზე. რამდენიმე ტელევიზია იყო მოსული. ბრიფინგის ჩასატარებლად რომ გამოვედი, შეიძლება, ეს დადგმულიც იყო, ყველა, აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი ადგა, აიღეს თავიანთი კამერები, ზურგი შემაქციეს და წავიდნენ. იმ დღეს საზოგადოებას ვერაფერი ვუთხარი, იმიტომ, რომ ოპოზიციის სალაპარაკო ადგილი არსად იყო. მეტიც, დარბაზში გვინდოდა შესვლა და დარბაზებსაც არ გვითმობდნენ, რომ არ შევკრებილიყავით. ეს იყო მათი დემოკრატია. მინდა, ახალგაზრდებს მივმართო. ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი შოთიკო იამანიძე პატარა ბიჭი იყო, რომელიც ქუჩაში გააჩერეს, ძალით გაბოჭეს, ნარკოტიკი გაუკეთეს. კაცი სიგარეტს არ ეწეოდა და ნარკოტიკის მოხმარება-გასაღების გამო ციხეში გაუშვეს. ეს იყო მაშინდელი დემოკრატია. შესაბამისად, დღეს მიმდინარე მოვლენები იმდენად აბსურდული და გაუგებარია ჩემთვის, რომ ძალიან რთულია ამის წარმოდგენა“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.