ზელენსკი: პრეზიდენტმა ბაიდენმა მითხრა: „არა, თქვენ არ იქნებით ნატოში“ - არ მიმაჩნია, რომ ნატოს საკითხთან დაკავშირებით ჩვენი კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცნობიერებს ამერიკის მიერ ნატოსკენ უკრაინის გზის ბლოკირებას, თუმცა საჭიროდ არ მიიჩნევს ალიანსში გაწევრიანების კონსტიტუციური კურსის შეცვლას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული სკეპტიციზმი ნატოში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაჩნდა. მან, კერძოდ, განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტ ბაიდენს პირდაპირ დაუსვა კითხვა, შეეძლო თუ არა უკრაინას ნატოში გაწევრიანება.

„ეს ჯერ კიდევ ომამდე იყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა მითხრა: „არა, თქვენ არ იქნებით ნატოში“. მე ამ კითხვას ყოველ ჯერზე ვუბრუნდებოდი და თეთრ სახლში ზოგიერთებში ეს უკვე ღიმილსაც კი იწვევდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიზანი კონსტიტუციაშია განმტკიცებული.

„მე, სიმართლე გითხრათ, არ მიმაჩნია, რომ ამ საკითხის გამო ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ. დაე, უკრაინელმა ხალხმა გადაწყვიტოს, რა უყოს ჩვენს კონსტიტუციას და არა ვინმე სხვამ. მით უმეტეს, ეს არ უნდა მოხდეს რუსეთის ფედერაციის ან კიდევ სხვისი მოწოდებების გამო. ეს ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კურსია“, - დასძინა მან და გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის პოლიტიკა ნატოში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს.