უკრაინის ხელისუფლება თავდაცვის მინისტრის შეცვლას გეგმავს - მედია

უკრაინის ხელისუფლება თავდაცვის მინისტრის შეცვლას გეგმავს

უკრაინის ხელისუფლება თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაიყვანს, რომელსაც ახლა ოლექსანდრ კუბრაკოვი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა Цензор.нет-ი წერს.

გამოცემის ცნობით, კუბრაკოვის გათავისუფლებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი გეგმავს და ეს ნაწილია ერმაკის გეგმისა, რომლის მიხედვითაც „თანამდებობას დატოვებს ყველა ხელმძღვანელი, რომლებსაც აქვთ უფლება, ზელენსკისთან კაბინეტში პირდაპირ, ერმაკთან შეთანხმების გარეშე შევიდნენ“.

ვინ შეიძლება გახდეს თავდაცვის მინისტრი, ჯერჯერობით უცნობია.

თავის მხრივ, Украинская правда წერს, რომ კუბრაკოვის გადაყენების მიზეზი სამთავრობო გუნდში დაგეგმილი როტაციაა, რომელიც რამდენიმე მინისტრს შეეხება და რომლის შედეგადაც სამინისტროების რიცხვი შემცირდება.

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. თავდაცვისა და უშიშროების საბჭოში კი ამბობენ, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.