The Associated Press: უკრაინა გაკოტრების პირასაა - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2026 და 2027 წლებში ქვეყანას, ჯამში, 137 მილიარდი ევრო დასჭირდება

უკრაინა

უკრაინა გაკოტრების პირასაა - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2026 და 2027 წლებში ქვეყანას, ჯამში, 137 მილიარდი ევრო დასჭირდება, - წერს საინფორმაციო სააგენტო The Associated Press-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინამ ეს თანხა გაზაფხულისთვის უნდა მიიღოს, ხოლო ევროკავშირმა პირობა დადო, რომ ამა თუ იმ გზით მოიძიებს საჭირო სახსრებს.

ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება, რომ ლიდერებმა გაყინული აქტივების ნაწილი - სულ 210 მილიარდი ევრო - უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის „რეპარაციული სესხის“ უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. გაერთიანებული სამეფო, კანადა და ნორვეგია კი დარჩენილ დანაკლისს შეავსებენ.

„ეს გეგმა საკამათოა. ევროკომისია ამტკიცებს, რომ მისი დასაბუთება და სამართლებრივი საფუძველი მყარია. თუმცა, ევროპის ცენტრალური ბანკი აფრთხილებს, რომ ევროს, როგორც ერთიანი ვალუტის მიმართ საერთაშორისო ნდობა შესაძლოა შეილახოს, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ლიდერები აქტივების მითვისებას ცდილობენ“, - წერს The Associated Press-ი.

გაყინული აქტივების უდიდესი ნაწილი რუსეთის ცენტრალურ ბანკს ეკუთვნის და ბრიუსელში მდებარე ფინანსურ ცენტრ Euroclear-ში ინახება. ბელგიას რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომების ეშინია.