1728846029
მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტზე მიღწეულ შეთანხმებას, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან - ლატვიის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტი
მხარს ვუჭერთ ნატოს ღია კარის პოლიტიკას და 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიღწეულ შეთანხმებას, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, - ამის შესახებ ლატვიის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.
სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მიუღებლად მიაჩნია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მზარდი ყოფნა უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე 2021 წლის დასაწყისიდან, ისევე, როგორც შავი ზღვისა და აზოვის ზღვის გაზრდილი მილიტარიზაცია, რაც უფრო დიდ საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არასტაბილურობის რისკებს ზრდის მთელ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
„ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედებები და პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის მოთხოვნები ნატოს მიმართ მესამე ქვეყნების სუვერენიტეტთან დაკავშირებით, ევროპის დე ფაქტო გავლენის სფეროებად დაყოფის მოთხოვნა და საფრთხე, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს „სამხედრო-ტექნიკური ღონისძიებები“ ამ მოთხოვნების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ევროპის საერთო მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მუქარას და დესტაბილიზაციის ქმედებებს და მოვუწოდებთ უკრაინასთან დაძაბულობის დეესკალაციისა და მისი ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ უკრაინის საზღვრიდან მუდმივ ბაზებზე.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია, პატივი სცეს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს და უზრუნველყოს სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და ვენის დოკუმენტის პრინციპების შესაბამისად.
ხაზს ვუსვამთ, რომ ევროპის პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირის პარტნიორებს, აქვთ სუვერენული უფლება, აირჩიონ საკუთარი განვითარების გზები, პარტნიორები და უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება და ხელი შეუწყონ დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შეუფერხებელ განვითარებას.
მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ მოკავშირეებმა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს წევრმა ქვეყნებმა, გასცენ ერთიანი და მტკიცე პასუხი რუსეთის ფედერაციის შესაკავებლად.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რომელიმე ქვეყნის არჩევანი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ შეიძლება იყოს დამოკიდებული მესამე ქვეყნის თანხმობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.