დასავლეთმა უკრაინის დახმარება უნდა გაზარდოს - ჟოზეფ ბორელი

 ჟოზეფ ბორელი

დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის დახმარება უნდა გაზარდონ, რადგან რუსეთის მიზანია ზამთარში ქვეყანა ჩააბნელოს და გაყინოს, განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა.

„გასაგებია, რომ რუსეთს უკრაინის ჩაბნელება და გაყინვა სურს. მოდის ზამთარი, ხოლო ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის თავდასხმების შემდეგ უკრაინაში ენერგიის წარმოების სიმძლავრეები 2/3 შემცირდა“, - თქვა ბორელმა.

ევროკომისარმა აგრეთვე დასძინა, რომ უკრაინას უნდა გადაეცეს არა მხოლოდ სამხედრო დახმარება, არამედ ქვეყანას ელექტროენერგიის წარმოების გაზრდაც სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ზამთარში სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება.

მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა, მის ერთ-ერთ სამიზნედ ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. წელს უკრაინაში ელექტროენერგიის დეფიციტმა შესაძლოა 6 გიგავატს მიაღწიოს, რაც პიკურ პერიოდში არსებული მოთხოვნის დაახლოებით მესამედს წარმოადგენს.