„ბლუმბერგი“ - ევროპელი ლიდერები მზად არიან, დაელოდონ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას, ვიდრე აშშ-ს ახალი სანქციებისკენ უბიძგებენ

ზელენსკი

ევროპელი ლიდერები მზად არიან, დაელოდონ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრას სტამბოლში, ვიდრე აშშ-ს ახალი სანქციების შემოღებისკენ უბიძგებენ. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც სტატიაში ნათქვამი, ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ ნათელი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს, მისცეს შანსი ზელენსკისა და პუტინის მოლაპარაკებებს, ვიდრე მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს.

პუბლიკაციიის მიხედვით, პუტინი თუ უარს იტყვის ზელენსკისთან შეხვედრაზე 15 მაისს, ან რუსეთი არ დათანხმდება დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ევროპელი ლიდერები ტრამპს მოუწოდებენ, სანქციების მუქარა შეასრულოს.

„ბლუმბერგი“ ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს არ გაუცია მკაფიო პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ვაშინგტონი მზად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის, თუ რუსეთის იერიშები გაგრძელდება ან პუტინი ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს იტყვის.

პუტინმა უკრაინას 15 მაისს თურქეთში პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, პუტინმა უგულებელყო ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ის რუსეთისადმი მოწოდება 30-დღიანი ზავის გამოცხადების შესახებ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, პირადად ჩაფრინდეს სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს. მისი თქმით, ზელენსკი დათანხმდა შეხვედრას თურქეთში სწორედ მისი მოწოდების შემდეგ. ამასთან, თავდაპირველად მოლაპარაკებების პირობად უკრაინა და ევროპული ქვეყნები ცეცხლის შეწყვეტას ასახელებდნენ.