ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1790950511
უნგრეთის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას არ გეგმავს და კიევის მხარდაჭერას ენერგომომარაგებითა და ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება. ინფორმაციას Bloomberg-ი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დიორდ ველკეიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
„არც ჯარისკაცები და არც იარაღი“, - განაცხადა ველკეიმ და აღნიშნა, რომ უნგრეთის ინტერესშია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და სწორედ ეს არის ბუდაპეშტისთვის უმნიშვნელოვანესი.
უნგრეთის ახალი მთავრობის პოზიცია მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, განსაკუთრებით კი ბალტიის სახელმწიფოების მიდგომისგან, რომლებიც უკრაინას სამხედრო ტექნიკითა და შეიარაღებით აქტიურად ეხმარებიან, წერს სააგენტო.
ბუდაპეშტის პოზიცია ასევე ასახავს უკრაინასთან ურთიერთობის სირთულეს, რომელიც ვიქტორ ორბანის მმართველობის წლებში განსაკუთრებით დაიძაბა. ორბანი კრემლთან დაახლოებულ პოლიტიკას ატარებდა, ცდილობდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შეფერხებას და უკრაინის ხელისუფლებას, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებში მისი დამხობის მცდელობაში ადანაშაულებდა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, პეტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობების სწრაფ გაუმჯობესებას ელოდნენ. კიევმა უნგრეთის ეთნიკური უმცირესობის ენობრივი უფლებების სამართლებრივი დაცვის გაძლიერების პირობა დადო, ხოლო ბუდაპეშტმა უარი თქვა ვეტოზე, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას აფერხებდა. თუმცა, ურთიერთობების გაუმჯობესება შეფერხებებით მიმდინარეობს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ კიევმა მას აცნობა, რომ უკრაინაში უნგრულენოვანი განათლების გაფართოების შესახებ კანონი მიმდინარე თვეში უნდა მიიღონ.
„რამდენიმე თვეში უკრაინის უნგრული უმცირესობის უფლებების გაძლიერებისთვის უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ორბანის მთავრობამ 10 წლის განმავლობაში“, - დაწერა მან.
ამასთან, მიმდინარე თვის დასაწყისში უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა, რომელთა საქმიანობაც მთავრობამ ჯაშუშობას დაუკავშირა. ეს ორბანის ეპოქასთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა, როდესაც უნგრეთი ბრიუსელში მოსკოვის ინტერესების გამტარად ხშირად მოქმედებდა.
მიუხედავად ამისა, უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში კვლავ არსებობს უნდობლობა, წერს სააგენტო.