ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქემ პოლონეთში, მონასტერზე თავდასხმის გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხი სრულად უნდა აგოს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის ერთ-ერთ მონასტერში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, უკრაინის მოქალაქემ საშინელი დანაშაული ჩაიდინა და მან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„ჩვენ შოკირებულები ვართ ამ ბოროტებით. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კათოლიკე მღვდელი მოკლეს, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავდა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ მას მომხდარის ყველა გარემოების საფუძვლიანად გარკვევის სჯერა.

„ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის ახლობლებს. ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 24 სექტემბერს უკრაინელი მამაკაცი პოლონეთის ერთ-ერთ მონასტერში სასულიერო პირებს დანით დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი მათგანი დაიღუპა. ინციდენტი იაროსლავის ბენედიქტელი მონაზვნების სააბატოში მოხდა.

✕