„ყველანი ზედმეტად მკაცრები ხართ ჩემ მიმართ“, — გასაჯაროვდა ემანუელ მაკრონის პირადი მიმოწერა

მაკრონი

ფრანგი ჟურნალისტი და პოლიტიკური კომენტატორი ფრანსუაზ დეგუა ახალ წიგნს აქვეყნებს, რომელშიც ემანუელ მაკრონთან პირადი მიმოწერის ფრაგმენტებია თავმოყრილი. გამოცემა სახელწოდებით „თქვენ ყველანი ზედმეტად მკაცრები ხართ ჩემ მიმართ“ (Vous êtes tous trop durs avec moi) ხუთშაბათს გამოდის. წიგნიდან ნაწყვეტები უკვე გამოაქვეყნეს გაზეთმა Le Figaro-მ და ყოველკვირეულმა ჟურნალმა Marianne-მა.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდზე გამოცემული წიგნის — „პრეზიდენტმა ეს არ უნდა თქვას...“ — შემდეგ, რომლის ავტორებიც ჟურნალისტები ჟერარ დავე და ფაბრის ლომი იყვნენ, ახლა უკვე მისი მემკვიდრის, ემანუელ მაკრონის, ჯერ კიდევ გაუმჟღავნებელი პოლიტიკური და პირადი შეფასებები ხდება საჯარო.

თუმცა ოლანდისგან განსხვავებით, მაკრონმა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ ჟურნალისტ ფრანსუაზ დეგუასთან Telegram-ით გაგზავნილი პირადი შეტყობინებები წიგნში გამოქვეყნდებოდა.

მიმოწერა 2024 წლის ზაფხულში თავად საფრანგეთის პრეზიდენტმა დაიწყო. მან დეგუას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელ X-ში ბრიჯიტ მაკრონი დაიცვა. პირველი ლედის წინააღმდეგ იმ პერიოდში კონსპირაციული შინაარსის შეტყობინებები ვრცელდებოდა, რომელთა ავტორები ამტკიცებდნენ, თითქოს ის ქალი არ იყო.

„მადლობას გიხდით, და ჩემი მეუღლეც გიხდით მადლობას. პოლიტიკური განსხვავებების მიღმა, მნიშვნელოვანია თქვენი სიტყვები“, — მისწერა მაკრონმა ჟურნალისტს და შეტყობინებას ინიციალები „EM“ დაურთო.

დეგუამ ეს შესაძლებლობა გამოიყენა და ქვეყნის პრეზიდენტთან მიმოწერა გააგრძელა.

წიგნი, სხვა საკითხებთან ერთად, ადასტურებს, რომ მაკრონს არასოდეს ჰქონია განზრახული, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული მემარცხენე კოალიციისთვის — „ახალი სახალხო ფრონტისთვის“ — მთავრობის ფორმირების დავალება მიეცა.

მაკრონი უარყოფს, რომ გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღო

პრეზიდენტი საკმაოდ მკაცრად აფასებს ლუსი კასტესს, რომელიც „ახალი სახალხო ფრონტის“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად იყო წარდგენილი.

„მხოლოდ მას და თქვენ გჯერათ, რომ მას ოდესმე მატინიონში (საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია და მთავრობის მეთაურის თანამდებობის აღმნიშვნელი სახელწოდება) მოხვედრა შეეძლება“, — წერს მაკრონი.

მისი აზრით, პარლამენტის დათხოვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ რეალურად გამარჯვებული ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ (RN) აღმოჩნდა. ეს პოლიტიკური ნაბიჯი მაკრონისთვის ძვირად ღირებული აღმოჩნდა და მისი საპრეზიდენტო ვადის მეორე ნახევარიც მნიშვნელოვნად გაართულა.

თუმცა პრეზიდენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტის დათხოვნა დაუფიქრებელი გადაწყვეტილება იყო.

„ამ დათხოვნამ, რომელმაც ყველაფრის ფასად დამიჯდა, მაინც შეძლო RN-ის შეჩერება. ამაში დარწმუნებული ვარ. ის შემოდგომისთვის მზად იყო, მაგრამ ივნისისთვის — არა“, — წერს მაკრონი.

პირად მიმოწერაში პრეზიდენტი და ჟურნალისტი საფრანგეთის პოლიტიკურ ძალებსა და მათ ლიდერებსაც განიხილავენ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის შესახებ მაკრონი წერს: „მას ძალიან ბევრი რამ მივეცით. ყოველთვის. მეტისმეტად ბევრი“.

ჟან-ლუკ მელანშონის მემარცხენე მოძრაობა „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ (La France insoumise) კი, მისი შეფასებით, „გიჟურ სტრატეგიას“ იყენებს, თუმცა თავად ამ სტრატეგიის წარმატების არ სჯერა.

განსაკუთრებით დადებითად მაკრონი სოციალისტური პარტიის პირველ მდივანს, ოლივიე ფორს აფასებს.

„კარგი ადამიანია, ნამდვილად კარგი, ეს ოლივიე“, — წერს პრეზიდენტი და მიიჩნევს, რომ ფორი საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა ჩაერთოს.

„მოდი, ოლივიე, უნდა წახვიდე წინ, უნდა შეუტიო. მელანშონსაც შეგიძლია დაუპირისპირდე. მე დავუპირისპირდი — ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია“, — ამხნევებს მას მაკრონი.

ჟურნალისტთან მიმოწერისას პრეზიდენტი პრესის დამოკიდებულებასაც უჩივის. ის აკრიტიკებს პუბლიკაციებს, რომლებიც, მისი აზრით, მიზანმიმართულად აზიანებს მის რეპუტაციას, და იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც მის საქმიანობაზე წერენ ისე, რომ პირადად არასოდეს შეხვედრიან.

„სამი სტატია ვერაფერს შეცვლის“, — ცდილობს საკუთარი თავის დამშვიდებას მაკრონი და დასძენს: „ხშირად, შენ და შენი კოლეგები, ყველანი ზედმეტად მკაცრები ხართ ჩემ მიმართ“.

რას აპირებს მაკრონი ელისეს სასახლის დატოვების შემდეგ

საფრანგეთის კონსტიტუციით, პრეზიდენტს ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით შეუძლია თანამდებობის დაკავება, ამიტომ მაკრონი საპრეზიდენტო პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე საკუთარ მმართველობასაც აფასებს.

2026 წლის ივნისში ის დეგუასთან მიმოწერაში წერს: „რვა წლის განმავლობაში ბევრი რამ შევცვალეთ. ბევრი გავაკეთეთ სეპარატიზმის წინააღმდეგ, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გასაუმჯობესებლად“.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პრეზიდენტის გეგმები მას შემდეგ, რაც მომავალ გაზაფხულზე ელისეს სასახლეს დატოვებს.

მაკრონი საკუთარ მომავალ საქმიანობაზე დეტალურად არ საუბრობს, თუმცა ერთ-ერთ მიმოწერაში საკმაოდ მკაფიოდ გამორიცხავს, რომ რომელიმე მილიარდერის დაქირავებული თანამშრომელი გახდეს.

5 ივლისს გამოცემა Le JDD-მ, რომელიც მილიარდერ ვინსენტ ბოლორეს ეკუთვნის და რომლის სარედაქციო მიმართულებასაც გამოცემა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ წრეებთან აახლოებს, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა შესაძლოა მილიარდერ ქსავიე ნიელთან დაიწყოს მუშაობა.

დეგუამ ეს ინფორმაცია მაკრონთან გადაამოწმა და სხვა მილიარდერების სახელებიც ახსენა, რომლებთანაც მას შესაძლოა თანამშრომლობა დაეწყო.

პრეზიდენტმა გავრცელებულ ცნობას „სრული და აბსოლუტური სისულელე“ უწოდა.

„არავისთან არ წავალ სამუშაოდ. მირჩევნია, საკუთარი პატარა ადგილი მქონდეს, ვიდრე სხვის სახლში დიდი ადგილი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ბიზნესს დავიწყებ, ის ჩემი იქნება და, ვფიქრობ, საფრანგეთის ფარგლებს გარეთ. მაგრამ არც მათი თანამშრომელი ვიქნები და არც მათი ვალში მყოფი. არასოდეს“, — წერს მაკრონი.

ფრანსუაზ დეგუას წიგნი საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის პირადი მიმოწერის ისეთ შეფასებებსა და მოსაზრებებს აცნობს მკითხველს, რომლებსაც ის საჯარო გამოსვლებისას, როგორც წესი, არ ახმოვანებს. გამოცემის გამოჩენა კი კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას, რამდენად შეიძლება პოლიტიკოსის პირადი მიმოწერა მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და რეალური შეხედულებების გასაგებად მნიშვნელოვან წყაროდ იქცეს. - წერს ევრონიუსი.

✕