ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირინა მუდრა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა

ირინა მუდრა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირინა მუდრა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაშია ნათქვამი.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრასთან ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს.

უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში განაცხადეს, რომ ჩაატარეს სპეციალური ოპერაცია „მაღალი დონის კორუფციის აღმოსაფხვრელად“.

უწყების განმარტებით, დანაშაულებრივ დაჯგუფებაში შედიან ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრა, უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი, სახელმწიფო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე და სხვა პირები.

„უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ, მაღალი დონის კორუფციის აღმოსაფხვრელად ჩატარებული სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, გამოავლინეს პირთა ჯგუფი, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ლეგალიზაციას და უზრუნველყვეს ეს პროცესი. საუბარია 150 მილიონ გრივნაზე (3,3 მილიონი დოლარი) ნაღდი ფულის სახით, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე ფიქტიური კომპანიის ანგარიშის გამოყენებით ლეგალურ ბრუნვაში გაუშვეს, რათა ერთ-ერთი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრისთვის, ე.წ. მიდასის საქმეზე, გირაო გადაეხადათ. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, ყოფილი დეპუტატი, სახელმწიფო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე და სხვა პირები“, — ნათქვამია გამოქვეყნებულ ვიდეომასალებში.

ირინა მუდრა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას 2024 წლის 29 მარტიდან იკავებდა.