VIDEO: "და ამას ცოლი წერს ქმარს?..." - შოკირებული მოსამართლე, როცა ადვოკატმა მოკლული ქალის მიერ დაწერილი წერილი წაიკითხა

სალტა

ასტანაში, გრძელდება სკანდალური საქმის განხილვა. მალე დაიწყება ადვოკატების პაექრობა.

ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი ჩინოვნიკის ადვოკატები ცდილობენ, დაამტკიცონ , რომ ქალი გამუდმებით ეჭვიანობდა და თავად იწვევდა ქმარს საჩხუბრად. 

ბიშიმბაევის ერთ-ერთმა ადვოკატმა სასამართლოზე წაიკითხა ახალგაზრდა ქალის ხელით გაკეთებული ჩანაწერი, სადაც, მათი აზრით, ჩანს, რომ ქალი აღიარებს საკუთარ ბრალს ადრინდელ შემთხვევებზე.

„მე, სალტანატ ნუკენოვა, პირობას ვდებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ , რათა ნდობა აღვადგინო კუანდიკში, პირობას ვდებ, რომ ვენდობი, არ ვიეჭვიანებ, რომ რეგულარულად წავალ ფსიქოლოგთან, ვიმუშავებ საკუთარ თავზე, ვიქნები გულწრფელი, ვიქნები  მორჩილი, მოსიყვარულე და მზრუნველი ცოლი, რომელიც იცავს ოჯახურ კერას, არ ავფეთქდები, არ შევიგინებ და თუ მაინც ასეთი რამ მოხდება, ყველაფერს გაგებით შევხედავ, ვფიცავ. ვიცი, რომ კუანდეკს ჩემთვის მხოლოდ კარგი უნდა, პირობას ვდებ, რომ ვიზრუნებ მასზე, პატივს ვცემ, ყოველთვის მხარს დავუჭერ ჩემს საყვარელ კუანდიკს, ვიმუშავებ ჩემს ცნობიერების ამაღლებაზე, ვიზრუნებ ჩემს სახლზე და ჩვენს სიყვარულზე. ღმერთი დამეხმარება ყველაფერში“.

წაკითხული ტექსტით გაოგნებული იყვნენ არა მხოლოდ სასამართლოს დამსწრე პირები, არამედ, თავად მოსამართლეც.  

"ამას ცოლი წერს ქმარს? და ეს როგორ უნდა გავიგოთ, ეს როგორ უნდა გავიგოთ? პირველად მესმის, ცოლი ქმარს ასეთ რამეს წერდეს..." - მიმართა ადვოკატს გაოგნებულმა მოსამართლემ.

ცნობისთვის, ასტანაში, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო გრძელდება, კაცი ბრალდებულია მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას უკიდურესი სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.

სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს, ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.

სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.

მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.

გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.

კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით უკვე გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

სასამართლოში ჩვენება მისცა სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.

სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.

მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოყვა თავისი ვერსია, იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.

სასამართლო სხდომა პირდაპირი ეთერით გადაიცემა.