1790255236
უცხოური მედიის ცნობით, ირანმა წარადგინა წინადადება, რომლის მიხედვით, აშშ თუ მოხსნის საზღვაო ბლოკადას, გააუქმებს სანქციებს, მოლაპარაკებები შვიდ დღეში განახლდება
ირანმა წარადგინა წინადადება ჰორმუზის სრუტის გახსნის და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების შესახებ შვიდ დღეში, იმ პირობით, თუ შეერთებული შტატები მოხსნის საზღვაო ბლოკადას, გააუქმებს ირანული ნავთობის გაყიდვაზე დაწესებულ სანქციებს და დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რომელიც ლიბანსაც მოიცავს.
როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იუწყება, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ეს წინადადება 24 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ დახურულ შეხვედრაზე დეტალურად წარადგინა.
„ქვინსის ინსტიტუტის“ ანალიტიკური ცენტრის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ტრიტა პარსის განცხადებით, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას, არაღჩიმ მიანიშნა, რომ სწრაფი შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ დაეხმარება.
დასავლური მედიის შეფასებით, ეს წინადადება ძალიან ჰგავს ივნისში მიღწეულ, ე.წ. ურთიერთგაგების მემორანდუმს, თუმცა დაჩქარებული ვადებით. წინა შეთანხმება, რომელიც 60-დღიან გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებდა, მალევე ჩაიშალა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს, მაშინაც კი, როდესაც ნავთობის მაღალი ფასები ინფლაციას ზრდის და ცხოვრების დონის მატებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას ამძაფრებს.
დასავლური მედიის თანახმად, ირანის მხრიდან არსებობს კითხვები იმის შესახებ, დათანხმდებიან თუ არა უსაფრთხოების ძალებში დომინანტი მკაცრი ხაზის მომხრეები შედარებით ზომიერი პოზიციის მომხრეების, მაგალითად პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის მიერ მხარდაჭერილ კომპრომისებს.
„ტრამპი თუ ჩათვლის, რომ ეს შეთანხმება მომგებიანია, შუალედურ არჩევნებამდე პოლიტიკურ სარგებელს მოიტანს და საწვავის ფასებს შეამცირებს, შესაძლოა, ისეთი მოქნილობა ვიხილოთ, როგორიც წინა კვირებში არ შეინიშნებოდა“, – განაცხადა ტრიტა პარსიმ.










