„უოლ სთრით ჯორნალი“ - ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავიდან ასაცილებლად არარეალურ მოთხოვნებს აყენებს

ტრამპი

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავიდან ასაცილებლად არარეალურ მოთხოვნებს აყენებს. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ევროპელი დიპლომატები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განზრახ წაუყენა ევროკავშირს არარეალური მოთხოვნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს მათი დაწესება.

ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, სერიოზული სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ამას ნატო-ს ყველა ქვეყანა გააკეთებს და თუ ისინი შეწყვეტენ რუსული ნავთობის შესყიდვას.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირი ამჟამად ცდილობს, იპოვოს პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებაზე.

ამავდროულად, ევროპელი დიპლომატების თქმით, ტრამპმა ეს მოთხოვნები წამოაყენა, რადგან იცოდა, ევროკავშირი ვერ შეძლებდა მათ შესრულებას, რაც მას საშუალებას მისცემდა, თავიდან აეცილებინა რუსეთზე დამატებითი ეკონომიკური ზეწოლა.