უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პროკურატურისგან კორონავირუსის პანდემიისას პიტერ სიიარტოს დროს განხორციელებულ შესყიდვებზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოითხოვა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა პროკურატურას განცხადებით მიმართა კორონავირუსის პანდემიისას პიტერ სიიარტოს დროს განხორციელებულ შესყიდვებზე. ამის შესახებ ანიტა ორბანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ანიტა ორბანის თქმით, განცხადება მომზადდა სამინისტროში ჩატარებული შემოწმების შედეგების საფუძველზე.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 2020 წლის მარტსა და აპრილში განხორციელებულ შესყიდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი წესებისგან იყო გათავისუფლებული. მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 826 მილიონ ევროს შეადგენდა. 2020 წლის გაზაფხულზე უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით 16 853 ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ასევე, დამცავი საშუალებები, PCR ტესტები და მედიკამენტები შეისყიდა.

როგორც აღინიშნა, შიდა შემოწმების შედეგებით, შესყიდვების პროცესში სერიოზული პრობლემები გამოვლინდა, კერძოდ, შეძენილი აღჭურვილობის რაოდენობის, ფასის, გამოსადეგობისა და ფინანსური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

ანიტა ორბანის განცხადებით, შემოწმებისას გამოვლენილი მასალები შეიძლება, მიუთითებდეს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ეჭვზე, რამაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია. როგორც მედია წერს, ამან, შესაძლოა, დღის წესრიგში საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შემოწმების დაწყებისას კოვიდთან დაკავშირებული შესყიდვების დოკუმენტაცია არასრული იყო. ანიტა ორბანის თქმით, პროკურატურისგან მოითხოვა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების დასადგენად.