საყურადღებო ინფორმაცია - ამ მისამართებზე გაზის მიწოდება შეწყდება
1756398960
უნგრეთის მთავრობამ უკრაინის დასახმარებლად რუსული გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ ბრიუსელის გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
სარჩელი, რომელიც უნგრეთმა „ევროპული მშვიდობის ფონდის“ წინააღმდეგ წარადგინა, თავდაპირველად ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში შეიტანა, თუმცა მოგვიანებით ზოგად სასამართლოს გადაეცა.
გასულ წელს ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინას გადასცეს „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“, რომელიც მოკავშირე ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის შეიქმნა. „ევროპის მშვიდობის ფონდის“ პროგრამა უკრაინას ყოველწლიურად 3-5 მილიარდი ევროს დახმარებით უზრუნველყოფს.
აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელი ვიქტორ ორბანის მთავრობამ მაისში წარადგინა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ის ოფიციალურად ორშაბათს მიიღო. სარჩელი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
უნგრეთი აცხადებს, რომ „ევროპის მშვიდობის ფონდმა“ დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, რადგან უგულებელყო უნგრეთის ვეტო.
„შედეგად, წევრ სახელმწიფოებს შორის თანასწორობის პრინციპი და ევროკავშირის დემოკრატიული ფუნქციონირების პრინციპი დაირღვა, რადგან წევრ სახელმწიფოს უსაფუძვლოდ და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამოერთვა ხმის მიცემის უფლება“, – ნათქვამია უნგრეთის მიერ სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში.
აღნიშნულმა სამართლებრივმა დავამ, შეიძლება, ვეტოს უფლების დაცვის პრეცედენტი შექმნას, თუმცა ვერდიქტის გამოტანას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს.