უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელში უკრაინის რეფორმების რეგრესის გამო შეშფოთება იზრდება

ევროკავშირი

იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას ცდილობს, ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ შეშფოთებულნი არიან იმ საკვანძო რეფორმების პროგრესით, რომლებიც ქვეყნის ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვისაა საჭირო, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent.

უკრაინული კვლევითი ცენტრების კონსორციუმის, RRR4U-ს თანახმად, უკრაინამ 2025 წლის ბოლო სამ თვეში ვერ შეასრულა ევროპული ფონდების მოსაპოვებლად საჭირო 11 რეფორმა.

ამავდროულად, ქვეყანა 2026 წლის პირველ კვარტალშიც ჩამორჩება რეფორმების განრიგს, რაც, ჯამში, ევროკავშირის მიერ გამოსაყოფი ხუთი მილიარდი ევროს დაფინანსებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ევროკავშირის ოთხმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც უკრაინის საკითხებზე მუშაობენ, The Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ რეფორმების გატარების ენთუზიაზმის შემცირებამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს როგორც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას, ასევე მომავალში ქვეყანაში კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განხორციელებას.

პროცესების შენელება კიდევ უფრო აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პარლამენტმა მიმდინარე წლის დასაწყისში ვერ დაამტკიცა მთელი რიგი გადასახადები, რომლებსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი $8.2-მილიარდიანი სესხის გამოსაყოფად ითხოვდა; ამან, საბოლოოდ, კრედიტორი აიძულა, დათმობაზე წასულიყო და თავისი მოთხოვნები გადაევადებინა.

13 თებერვალს ჟურნალისტებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც The Kyiv Independent ესწრებოდა, პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ ეჭვქვეშ დააყენა პარლამენტის ეფექტიანობა ნებისმიერი კანონპროექტის წარდგენისა და მიღების პროცესში.

თუმცა, სხვები ამბობენ, რომ ამაში რამდენიმე ფაქტორია დამნაშავე, მათ შორის: მთავრობის მხრიდან სუსტი კომუნიკაცია, ევროკავშირის მხრიდან მკაფიო ხედვის ნაკლებობა და ომიანობის დროს რეფორმებისადმი წაყენებული არარეალისტური მოთხოვნები.

უკრაინას მოეთხოვება რეფორმების დასრულება საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსების მოსაპოვებლად. ქვეყანა დამოკიდებულია უცხოური ვალუტის მუდმივ ინიექციებზე საკუთარი ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად.

ევროპული რეფორმები მიზნად ისახავს უკრაინის ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან დაახლოებას მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად, მაშინ როდესაც სსფ-ის (IMF) რეფორმები, როგორც წესი, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

უკრაინამ პარტნიორებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა 2024 წელს რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესით, თუმცა გასულ წელს ტემპი შენელდა - ამასთან, გასული წლის მეორე ნახევარში რეფორმების ფართო სპექტრში მდგომარეობის რეალური გაუარესება შეინიშნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს კუთვნილი თანხები, თუ რეფორმებს ვადის ამოწურვიდან ერთი წლის განმავლობაში დაასრულებს, ქვეყანამ შესაძლოა წელს პირველად დაკარგოს დაფინანსება შეუქცევადად. ამის მიზეზი ანტიკორუფციული სასამართლოს წევრების რაოდენობის გაზრდის შეუსრულებლობაა - რეფორმისა, რომელიც 2025 წლის პირველ კვარტალში უნდა განხორციელებულიყო.

ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა აღიარა, რომ მიუხედავად რეფორმების სირთულისა, უკრაინას ტემპის შენელების უფლება არ აქვს - განსაკუთრებით გასულ წელს მომხდარი რამდენიმე კორუფციული სკანდალის შემდეგ.