1771531835
უკრაინაში რუსების დაკვეთით მაღალი რანგის უკრაინელი ოფიციალური პირების მკვლელობა აღკვეთს
უკრაინული მხარის მტკიცებით, უკრაინასა და მოლდოვაში 10 ადამიანი დააკავეს, რომლებიც მოსკოვის დავალებით 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ უკრაინელი მაღალჩინოსნების მკვლელობას გეგმავდნენ.
„უკრაინელი და მოლდაველი სამართალდამცველებისგან შემდგარმა საგამოძიებო ჯგუფმა გამოავლინა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც უკრაინის მოქალაქეებისა და უცხოელების მკვლელობას ამზადებდა“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ.
მისი თქმით, სამართალდამცველებმა ოცამდე ჩხრეკა ჩაატარეს და ფული, ცეცხლსასროლი იარაღები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და რუს დამკვეთებთან საკომუნიკაციო საშუალებები ამოიღეს.
შვიდი ადამიანის დაკავება უკრაინაში მოხდა, ხოლო სამის - მოლდოვაში. დაკავებულთა შორისაა სავარაუდო დანაშაულის ორგანიზატორი.
კონკრეტულად, ვისი მკვლელობა იგეგმებოდა, უცნობია, მაგრამ კიევში ერთი სავარაუდო მსხვერპლის ვინაობა დაასახელეს - ანდრიი იუსოვი, რომელიც რუსეთთან ტყვეების გაცვლას ხელმძღვანელობდა.









