"თუ ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, გრენლანდიას რუსეთი ან ჩინეთი ჩაიგდებს ხელში. არ ვაპირებთ, რუსეთი ან ჩინეთი ჩვენი მეზობელი გახდეს" - დონალდ ტრამპი

ტრამპი

გრენლანდიის საკითხზე მორიგი განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი არ გახდება, კუნძულის ოკუპაციას ჩინეთი ან რუსეთი მოახდენს. ამას კი ტრამპის თქმით შეერთებული შტატები არ დაუშვებს.

"თუ ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, გრენლანდიას რუსეთი ან ჩინეთი ჩაიგდებს ხელში. არ ვაპირებთ, რუსეთი ან ჩინეთი ჩვენი მეზობელი გახდეს. მარტივი გზით მსურს შეთანხმების მიღწევა, თუმცა რთულ გზასაც ავირჩევ. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ დანიის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი. ისინი ყოველთვის კარგად გვექცეოდნენ და ამას ვაფასებთ. მაგრამ, ის ფაქტი, რომ იქ 500 წლის წინ ნავი მიაყენეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მიწა მათ ეკუთვნით. ეს კუნძული ჩვენ გვჭირდება, იქ კი რუსული და ჩინური გამანადგურებლები დგას. ყველგან რუსული წყალქვეშა ნავებია. ჩვენ არ დავუშვებთ, რუსეთის ან ჩინეთის მიერ გრენლანდიის ოკუპირებას. ეს მოსალოდნელია, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ. ასე, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით, ჩვენ გეგმები გვაქვს," - აცხადებს დონალდ ტრამპი.