ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი „სულელები“ იქნებიან, თუ უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმებას არ მიაღწევენ

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი „სულელები“ იქნებიან, თუ უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმებას არ მიაღწევენ.

„მჯერა, რომ ისინი ახლა იმ წერტილში არიან, სადაც შეუძლიათ შეთანხმება დადონ, ხოლო თუ ამას არ იზამენ, ისინი სულელები არიან“, - განაცხადა ტრამპმა.

„ეს ორივეს ეხება. მე ვიცი, რომ ისინი სულელები არ არიან, მაგრამ თუ ამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ, მაშინ სულელები გამოდიან“, - აღნიშნა მან.

ტრამპის თქმით, რუს და უკრაინელ ლიდერებს შორის „არანორმალური სიძულვილია“, რაც კონფლიქტის მოგვარების მთავარი დაბრკოლებაა.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმებასთან „საკმაოდ ახლოს“ არიან.

„ხშირად ხდება ასე: ჩვენ გვაქვს შეთანხმება რუსეთთან, რუსეთი მზადაა, პრეზიდენტი ზელენსკი კი ამაზე არ მიდის. თქვენ ეს ნახეთ, როდესაც ის ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა. მე უკმაყოფილო დავრჩი. შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკის სურს შეთანხმება, პუტინს კი - არა. ეს ძალიან რთული ბალანსია“, - დასძინა მან.