The Times: აშშ-მა და რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების მოდელად, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია განიხილეს

ვლადიმირ პუტინი სტივ უიტკოფი

აშშ-მა და რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების მოდელად, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ სცენარის მიხედვით, რუსეთი სამხედრო და ეკონომიკურ კონტროლს დააწესებს ოკუპირებულ უკრაინაზე თავისი მმართველი ორგანოს მეშვეობით.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული წყაროს ცნობით, იდეა რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და მისი რუსი კოლეგების მოლაპარაკებების დროს.

„პრეზიდენტი ზელენსკი უარს ამბობს ტერიტორიების დათმობაზე, თუმცა ოკუპაციის მოდელი შესაძლოა იყოს მექანიზმი ზავის დასადებად, სამწელიწადნახევრიანი ომის შემდეგ“, - ნათქვამია სტატიაში.

„ამ მოდელის მიხედვით, უკრაინის საზღვრები არ შეიცვლება, ისევე როგორც არ შეცვლილა დასავლეთ სანაპიროს საზღვრები 58 წლის განმავლობაში, თუმცა ის ისრაელის კონტროლის ქვეშაა“, - აღნიშნულია სტატიაში.