თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ დაგმო ტრამპის გადაწყვეტილება, კონკრეტული მედიების თეთრ სახლში აკრძალვის შესახებ

თეთრი სახლი

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ დაგმო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, CNN-ის, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრძალვის შესახებ.

ასოციაციის დირექტორმა აღნიშნა, რომ კონსტიტუცია იცავს პრესის თავისუფლებას და ეს ეხება ამერიკელების უფლებას, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ხელისუფლების შესახებ.

„სიენენში“ განმარტეს, რომ მსგავსი აკრძალვა „უკანონო თავდასხმაა“ კონსტიტუციურად დაცულ უფლებაზე.

„კონსტიტუციით გვაქვს უფლება, ეს რეპორტაჟები გავაკეთოთ მთავრობის მიერ  ხელის შეშლის გარეშე. თუკი პრეზიდენტ ტრამპის მუქარა აკრძალვის შესახებ ძალაში შევა, ეს იქნება უკანონო თავდასხმა ამ კონსტიტუციურად დაცულ უფლებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ნიუ იორკ თაიმსში“ კი აღნიშნეს, რომ ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთი „არაკონსტიტუციური“ მცდელობა, შეზღუდოს არასასურველი მედია.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ CNN-ის  და Politico-ს წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას კრძალავს.