სტამბოლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მთავარი მოედანი ხდება, ანკარამ დიდი ძალისხმევა გაიღო დელეგაციების მუშაობისთვის ოპტიმალური პირობების შესაქმნელად - სერგეი შოიგუ

სერგეი შოიგუ პეკინში ჩავიდა

სტამბოლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მთავარი მოედანი ხდება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„სტამბოლი ყველა მიმართულებით მოლაპარაკებების ჩატარებისთვის მთავარი პლატფორმა ხდება – რაც ეხება შავ ზღვას, შავი ზღვის შეთანხმებას, მარცვლეულის შეთანხმებას და ახლა უკვე რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა მადლობა გადაუხადა თურქეთის ხელმძღვანელობას, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლის პლატფორმის შეთავაზებისთვის.

„ვიცით, რომ ანკარამ დიდი ძალისხმევა გაიღო, მათ შორის უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით, დელეგაციების მუშაობისთვის ოპტიმალური პირობების შესაქმნელად“, – აღნიშნა სერგეი შოიგუმ.

მისი თქმით, „რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური დიალოგი აქტიურად ვითარდება ყველა სფეროში“.

„ანკარასთან ჩვენ დაკავშირებული ვართ ერთობლივი მსხვილი პროექტების წარმატებული განხორციელებით ვაჭრობა-ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მისივე თქმით, თანამშრომლობის ეფექტურობა ძირითადად განპირობებულია ორი ქვეყნის ლიდერს შორის ნდობით.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რეგულარულად ურთიერთობენ ტელეფონით“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.