სპარსეთისა და ომანის ყურეებში აშშ-ის საზღვაო ოპერაცია გრძელდება - ცენტრალური სარდლობის მონაცემებით, ირანის საზღვაო ვაჭრობა სრულად პარალიზებულია

ნნ

 სპარსეთისა და ომანის ყურეებში აშშ-ის საზღვაო ოპერაცია გრძელდება. მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ დერეფანში ათი ათასზე მეტი სამხედროა მობილიზებული, ხოლო მისიაში ჩართულია ატომური ავიამზიდი, ამფიბიური ხომალდი და მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანი.

ცენტრალური სარდლობის მონაცემებით, ირანის საზღვაო ვაჭრობა სრულად პარალიზებულია. ბლოკადის დაწესებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში, ირანულ პორტებში შესვლა ან იქიდან გამოსვლა ვერცერთმა გემმა ვერ შეძლო.

ცნობილია ისლამური რესპუბლიკის პოზიციაც - ირანის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, განაცხადა, რომ თუ აშშ ბლოკადას გააგრძელებს და "საფრთხეს შეუქმნის ირანული სავაჭრო გემებისა და ნავთობტანკერების უსაფრთხოებას", ეს "ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის დასაწყისი იქნება".

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ირანის შეიარაღებული ძალები "აღკვეთენ ყოველგვარ ექსპორტსა და იმპორტს სპარსეთის ყურეში, ომანის ყურესა და წითელ ზღვაში".

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონმა ჰორმუზის სრუტეში ირანული გემების ბლოკირება ორშაბათიდან დაიწყო. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პაკისტანში გამართული მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების გარეშე დასრულდა.