სომხეთში აცხადებენ, რომ რუსეთიდან სომხეთში თხევადი ბუნებრივი აირის აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავენ

გაზი

ერევანი რუსეთიდან სომხეთში თხევადი ბუნებრივი აირის აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესმდივანმა, ლილიტ შაბოიანმა განაცხადა.

კითხვაზე, როდის იქნებოდა ეს შესაძლებელი, პრესმდივანმა უპასუხა: „მალე“, კონკრეტული თარიღის დაკონკრეტების გარეშე. აღსანიშნავია, რომ სომხეთში თხევადი ბუნებრივი აირის ფასი ბოლო დღეებში თითქმის გაორმაგდა.

„ვინაიდან ჩვენ გაზს ორი ძირითადი ქვეყნიდან – ირანიდან და რუსეთიდან – ვიღებთ, ირანში გარკვეული პრობლემები წარმოიშვა ცნობილი გარემოებების გამო და რუსეთთან დაკავშირებული პრობლემები ზემო ლარსს უკავშირდება. თუმცა ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება, რადგან სომხეთში თხევადი გაზის იმპორტი რკინიგზით დაიწყება და რუსული თხევადი გაზი სომხეთში ძალიან მალე აზერბაიჯანის გავლით შევა. განიხილება რუსეთიდან სომხეთში თხევადი გაზის რკინიგზით იმპორტის ვარიანტი“, – განაცხადა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა.