სლოვაკეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო შესწორებებს, რომელიც მხოლოდ ორ სქესს აღიარებს და ქორწინებაში არმყოფი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანის, ასევე სუროგაციის აკრძალვას ითვალისწინებს

რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო შესწორებებს, რომელიც მხოლოდ ორ სქესს აღიარებს.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ქორწინებაში არმყოფი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანის და სუროგაციის აკრძალვას.

რობერტ ფიცოს მთავრობის განმარტებით, საკონსტიტუციო შესწორებების მიზანი ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებაა.

იუსტიციის მინისტრის, ბორის სუსკოს განცხადებით, ეს ღირებულებები გამომდინარეობს კონსტიტუციის პრეამბულიდან და უკავშირდება ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის აღიარებას.

„ფუნდამენტურ ღირებულებებთან დაკავშირებულ საკითხებში ეროვნულ კანონმდებლობას უპირატესობა უნდა ჰქონდეს საერთაშორისო შეთანხმებებთან, რომლებთანაც სლოვაკეთის რესპუბლიკაა დაკავშირებული. ეს საღი აზრია“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე.

სლოვაკეთის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა რამდენიმე ორგანიზაციამ, მათ შორის „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ და ვენეციის კომისიამ, განსაკუთრებით სლოვაკეთის ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან უპირატესად გამოცხადების გამო. „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ გადაწყვეტილების მიღებას სლოვაკეთისთვის შავი დღე უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის ნაბიჯი ადამიანის უფლებების წინააღმდეგ.