შრი-ლანკაში, აეროპორტში დააკავეს 22 ბუდისტი ბერი, რომლებსაც 110 კგ კანაფი გადაჰქონდათ

 დააკავეს 22 ბუდისტი ბერი

შრი-ლანკის აეროპორტში სამართალდამცველებმა 22 ბუდისტი ბერი დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ ბარგში 110 კილოგრამი კანაფი აღმოაჩინეს. ინფორმაციას CBS News ავრცელებს.

საბაჟო სამსახურის ცნობით, გარდა ამისა, თითოეული ბერის ბარგში, სპეციალურად მოწყობილ ე.წ. „ცრუ კედლებში“, დაახლოებით 5 კილოგრამი განსაკუთრებით ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერებაც იყო დამალული.

დაკავებულები, რომლებიც ძირითადად სტუდენტები არიან, ტაილანდიდან ბრუნდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ოთხი დღის განმავლობაში უცნობმა პირმა უმასპინძლა და ყველა ხარჯიც სრულად დაუფარა.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი, 23-ე ბერი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, აღნიშნული მოგზაურობის ორგანიზატორი იყო. ის კოლომბოს ერთ-ერთ გარეუბანში დააკავეს. პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, მან დანარჩენ ბერებს უთხრა, რომ ბარგში არსებული ნივთები „შემოწირულობა“ იყო და შრი-ლანკაში ჩატანის შემდეგ მათ სპეციალური ტრანსპორტი დახვდებოდა.

შრი-ლანკის პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს ინფორმაციით, ზოგიერთი ბერის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია ფოტოები, სადაც ისინი სხვადასხვა ადგილას ისვენებენ და ერთობიან, ჩვეულებრივი ტანსაცმლით.

დაკავებულებს 7-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ბერებს შესაძლოა არც კი სცოდნოდათ, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები გადაჰქონდათ.