შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 30-ზე მეტი დელფინი დაიღუპა

დელფინი

ქერჩის სრუტეში ორი რუსული ტანკერის ჩაძირვისა და შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის შემდეგ 30-ზე მეტი დელფინი დაიღუპა.

ინფორმაციას დელფინების გადარჩენის სამეცნიერო-ეკოლოგიურ ცენტრი ავრცელებს.

„დელფამ“ სულ 61 დაღუპული ვეშაპისებრი დააფიქსირა, საიდანაც 32 დელფინი 15 დეკემბრის შემდეგ დაიღუპა. კერძოდ, გარემოსდამცველები თვლიან, რომ ამ 32 დელფინის დაღუპვა, სავარაუდოდ, მაზუთის ჩაღვრას უკავშირდება, ხოლო დანარჩენი, რომლებსაც “დაბერებული სხეული” აქვთ, მანამდე დაიღუპნენ.

 ამასთან, “დელფა” წერს, რომ ამ პერიოდისთვის, ანუ გამორიყვის სეზონის მიღმა მკვდარ ვეშაპისებრთა ასეთი რაოდენობა ატიპიურია. დელფინების უმეტესობა ტანკერების ჩაძირვიდან პირველი 10 დღის განმავლობაში დაიღუპა და ამჟამად ზღვიდან მათი გამორიყვა ხდება. მსხვერპლი, ძირითადად, აზოვის ვეშაპისებრნი არიან, რომლებიც, “დელფას” შეფასებით, ყველაზე მოწყვლადი ბინადრები არიან.

გარემოსდამცველები აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე ცოცხალი დელფინების გამორიყვა არ დაფიქსირებულა. თუმცა, მათი პროგნოზით, უახლოეს მომავალში დაზარალებულ ვეშაპისებრთა რაოდენობა შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი იყოს.