1786913447
სეუტაში ასობით მიგრანტმა თავშესაფრის მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა
ესპანეთის ანკლავ სეუტაში, ბოლო პერიოდში შესულმა ასობით მიგრანტმა საპროტესტო აქცია გამართა. მაროკოში დაბრუნების ნაცვლად, ისინი ესპანეთის ხელისუფლებას თავშესაფრის მიღებას სთხოვენ.
აქციის მონაწილეებს ხელში ესპანეთის დროშები და ბანერები ეჭირათ წარწერებით: „არ გვინდა მაროკოში დაბრუნება“ და „ჩვენც ადამიანები ვართ“.
მიგრანტთა უმეტესობა მძიმე პირობებში ცხოვრობს, სანაპიროზე ან ქალაქის გარეუბანში.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ განაცხადა, რომ მიგრანტებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ანკლავში დარჩენის ან ლეგალური სტატუსის მოპოვების უფლება არ მიეცემათ.
სეუტას სამედიცინო საბჭოს ხელმძღვანელმა, ენრიკე რივირალტამ განაცხადა, რომ ქალაქის სამედიცინო პერსონალი გადაღლილია და ვრცელდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა ინფექციური დიარეა და მუნი.
ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში ათიათასობით მიგრანტმა მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შეაღწია. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შევიდა. სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, მიგრანტების უმრავლესობა რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში მაროკოში დაბრუნდა.









