წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრამდე, ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი მოუწოდებს უნგრეთს, შეწყვიტოს რუსული ენერგიის შეძენა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
სენატორებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ უნგრეთი „რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების ნიშნებს არ ავლენს“ და მოუწოდეს ორბანს, შეუერთდეს ევროკავშირის წინადადებას 2027 წლისთვის რუსული ენერგიის იმპორტის შეწყვეტის შესახებ.
რეზოლუციას ხელი მოაწერა ათმა სენატორმა, მათ შორის რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსული ენერგიის ექსპორტს იყენებს თავისი „მკვლელობისა და აგრესიის“ კამპანიის დასაფინანსებლად.
„ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა, რომელიც რუსული ენერგიის ექსპორტს იყენებს თავისი მკვლელობისა და აგრესიის კამპანიის დასაფინანსებლად. ეს რეზოლუცია მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ენერგეტიკული დამოკიდებულება სასტიკი დიქტატორის ხელში იარაღად იქცეს“, – განაცხადა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სენატორმა, ტომ ტილისმა.
ამასთან, სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ უნგრეთის ქმედებები კვლავ ძირს უთხრის კოლექტიურ უსაფრთხოებას და აქეზებს კრემლს.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენაზე აშშ-ის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპთან მეგობრულ საუბარს ელოდება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა ვაშინგტონში დღეს გაიმართება.